ვარევანი

ვარევანი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალასტანის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალქალაქის პლატოზე, მდ. ჭობარეთის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1680 მ, ახალქალაქიდან 19 კმ. 779 მცხ. (2002). 

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ვ. ოსმალთა მიერ დაპყრობილი ჯავახეთის სოფელია, შედიოდა ხერთვისის ლივის ტყიანი ჯავახეთის ნაჰიეში, სადაც 18 კომლი ქართვ. ცხოვრობდა: ელისა გრიგოლისძე, დემეტრე გოგოლასძე, ყანდურალი მათიასძე, აბისონ კეკელისძე, შირინა ხახუტასძე, სიმონგულ პეტრიას ძე და სხვ. მათ ჰქონდათ ბოსტნები, მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, იონჯა, სელის თესლი (ზეთისათვის), ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი და იხდიდნენ გადასახადს 8000 ახჩის ოდენობით. 1718–19 ვ. ექვემდებარებოდა ვინმე იბრაჰიმ მუსტაფას ძეს და შეწერილი ჰქონდა 18500 ახჩა გადასახადი. 1829 ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით სამხრ. საქართველოს ნაწილი რუს. იმპერიას შეუერთდა და მაშინ დასახლდნენ აქ არზრუმიდან გადმოსახლებული სომხები. ერთ ხალხურ ლექსში ნათქვამია: „ვარევანი მოსავლითა თუმცა ზოგჯერ ნაქებია, ქართველებიცა სახლობენ, უფრო მეტი ფრანგებია” (ე. ი. კათოლიკეები). 1944 აქაური მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს. ახლა ვ-ში მოსახლე ქართველთა გვარებია: ბალახაძე, მელიქიძე, ბერიძე, მაისურაძე და სხვ. სოფელში ორი ეკლესია დგას: ქართ. – ღვთისმშობლის სახელობისა და სომხ. – 1893 აგებული. ქართ. ეკლესია გაქართველებული ბერძნის მიერ აშენებული (გარდადანი) გვიანდ. ნაგებობაა, მისი საფლავის ქვაც იქვეა ქართ. წარწერით. ეკლესიის სამხრ-ით არის ძვ. ქართ. ეკლესიის ბუდე, რ-ის დას-ით დიდი ბალავრის ქვაა. მასზე სამზოლიანი რელიეფური თაღია, რ-ის ორივე მხარეს მცირე ჯვრებია გამოსახული, ხოლო ზევიდან ამოღარულია ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისაჲთა დაიდვა ესე ბალავერი ჴელითა ცოდვილის აიოვანეს და გაბრიელისათა, ქორონიკონი იყო სმ ” (240) –1020 წ. ერთი მოსახლის ყორეში ჩაყოლებულია განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ჯვრიანი ლოდი. აქვე აკად. ნ. ბერძენიშვილს 1933 უნახავს ქვა უცნობი რელიეფური ნიშნებით.

წყარო და ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979; ჯ ი ქ ი ა  ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941; წგ. 3, თბ., 1958.

დ. ბერძენიშვილი