ვარიანი

ვარიანი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ლიახვის მარჯვ. მხარეს, გორი – ნიქოზის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., არაშენდა, ახალდაბა, საქაშეთი). ზ. დ. 680 მ, გორიდან 14 კმ. 2,0 ათ. მცხ. (2002). სოფელში არის ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. ვ. უძველესი დროიდან უნდა ყოფილიყო დასახლებული. ფეოდ. ხანაში სოფელი და მისი შემოგარენი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართლის ეკონ. და პოლიტ. ცხოვრებაში. აქ განვითარებული იყო სოფ. მეურნეობა. გვიანდ. ფეოდ. ხანაში ვ. წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს საქართველოში შემოსული მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. 1656 ქართლის მეფე როსტომმა ამოწყვეტილი მაჩაბლის მამული ვ-ში უბოძა სეხნია მაჩაბლის შვილებს. ფეოდალების, ბატონიშვილებისა და მეფის მოხელეებისაგან შევიწროებულმა ვარიანელმა გლეხებმა 1789 საჩივრით მიმართეს ერეკლე II-ს. სოფლის დას-ით, დაახლ. 0,5 კმ-ზე, მდებარეობს გვიანდ. შუა საუკუნეების კოშკი. იგი საბრძოლო-საცხოვრ. დანიშნულებისა იყო. ნაგებია რიყის ქვით, შერეულია აგურიც. მის მახლობლად ნასოფლარია (მოსახლ. აყრილა XVIII ს-ში ლეკთა თარეშის გამო). სოფლის შუაში დგას რიყის ქვითა და აგურით ნაგები ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია (1835), სახურავზე დას-ით ოთხივე მხრიდან თაღებით გახსნილი სამრეკლო ადგას. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით სასაფლაოზე განვითარებული შუა საუკ. კიდევ ერთი ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. ნაგებია დიდი ზომის რიყისა და მოყავისფრო შირიმის ქვებით. ჩრდილოეთის კარის თავზე ტიმპანში მოთავსებული წარწერა X–XI სს-ით თარიღდება.

ჯ. გვასალია

კ. კახაძე