„ვარლაამი და იოასაფი”, „ვ ა რ ლ ა ა მ ი დ ა ი ო ს ა ფ ა ტ ი ” (Barlaam kai Joasaph), შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული ჰაგიოგრაფიული თხზულება. მისი სიუჟეტი ბუდას ლეგენდის სანსკრიტულ რედაქციას უკავშირდება. მასში მოთხრობილია ამბავი ინდოელი მეფის ვაჟის, იოასაფისა, რ-იც გაქრისტიანდა, ტახტზე უარი თქვა და თავის მოძღვარ ვარლაამთან ერთად უდაბნოში წავიდა. თხზულებაში ჩართულია აღმოსავლური წარმოშობისა და სახარებიდან გადმოღებული იგავები: ქრისტ. პოლემიკური და დოგმატიკური ლიტერატურიდან ნასესხები ადგილები. თხრობის მსუბუქი სტილი ოსტატურადაა შეზავებული „წმიდა მამათა” თეოლოგიასთან. XI–XII სს-ში შესრულებული ორი ლათ. თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. ითარგმნა და არაერთგზის გადამუშავდა თითქმის ყველა ევრ. ენაზე. ცნობილია „ვ. და ი-ის” ცხრა იტალიური, რვა ფრანგული, ხუთი ესპანური გადამუშავება. ბერძნ. ენიდან იგი ითარგმნა აგრეთვე აღმოსავლეთის არაერთი ქრისტ. ქვეყნის ენაზე (სლავური, სომხური და სხვ.), ასევე არაბულად და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ძვ. რუს. წიგნთსაცავებში ყველაზე გავრცელებული თხზულებაა, რ-ის ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი ფრაგმენტული თუ სრული სახით ათას ეგზემპლარს აღწევს. XII ს-იდან მოყოლებული მისი გავლენა ეტყობა ევრ. ლიტ-რის მრავალ თხზულებასა (სარაინდო რომანი „პარციფალი”) და მწერლის შემოქმედებას (უ. შექსპირისა და ლ. ტოლსტოის ჩათვლით). „ვ. და ი-ის” ავტორობის საკითხი თანამედროვე ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აღიარებულია, რომ სანსკრიტიდან ბერძნულამდე არსებობდა სულ ცოტა ორი შუალედური რედაქცია – ფალაური და არაბული. არის აგრეთვე მოსაზრება, რომ არაბულსა და ბერძნულს შორის არის ქართ. ვერსია, რ-ის ორი რედაქცია შემონახულია ძვ. ქართ. ხელნაწერებში: „იოდასაფის ცხოვრება” და „სიბრძნე ბალავარისი”. ბერძნ. და ლათ. ხელნაწერთა ტრად. კვალად ბიზანტინისტიკაში ჯერ კიდევ პოპულარულია აზრი, რომ რომანის ავტორია იოანე დამასკელი. ამ ვერსიის მეცნ. დასაბუთება უკავშირდება გერმ. ბიზანტინისტის – ფ. დელგერის სახელს (1953). XIX ს. მიწურულში ჩამოყალიბებული მეცნ. თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ „ვ. და ი-ის” ავტორი შესაძლებელია იყოს საბაწმინდის მონასტრის უცნობი ბერი, სახელად იოანე (ჰ. ზოტენბერგი), ერთგვარად მოდერნიზებული სახით განმეორდა XX ს. დასასრულსაც („ოქსფორდის ბიზანტიური ლექსიკონი”, 1991). XI ს-იდან დაწყებული ბერძნ., ლათ. და ქართ. ცნობები კი თხზულების ავტორად ეფთვიმე იბერს (იხ. ექვთიმე მთაწმიდელი) ასახელებს. ამ თვალსაზრისის მეცნ. არგუმენტაცია 1931 წარმოადგინა პ. პეეტერსმა. დღეისათვის იგი დასტურდება შემდეგი არგუმენტებით: 1. ექვთიმე მთაწმიდლამდე ბერძნ. ენაზე არ არსებობდა რომანის არც ხელნაწერები, არც დამოწმება სვინაქსარებში, არც რაიმე რემინისცენცია, გადაკრული მინიშნებაც კი; მეორე მხრივ, ექვთიმე მთაწმიდლის დროს, X ს. უკანასკნელ ათწლეულში, ბიზანტ. სამეფო კარზე და საეკლ. წრეებში საჭირო და თანადროული უნდა ყოფილიყო „ვ. და ი-ის” როგორც ფაბულა (ახალგაზრდა უფლისწულის გაქრისტიანების ამბავი), ასევე ქრისტოლოგია (პოლემიკა წარმართობის წინააღმდეგ); 2. თხზულება გამოჩნდა ათონის მთაზე, სადაც მოღვაწეობდა ექვთიმე მთაწმიდელი; 3. მსგავსი მეტაფრასული სტილის ჰაგიოგრაფიული თხზულება შეუძლებელია ჩამოყალიბებულიყო მეტაფრასტიკის წარმოშობამდე – ექვთიმე მთაწმიდლის მოღვაწეობის დრომდე; 4. ბერძნ. ტექსტის ზოგი თავისებური წაკითხვის ახსნა შესაძლებელი იქნება, თუ გავიზიარებთ აზრს, რომ თხზულება ქართულიდან მომდინარეობს; 5. ბერძნ., არაბ. და ქართ. რედაქციათა საერთო ნაწილის ბერძნ. ტექსტი შორდება არაბულს და უახლოვდება ქართულს.
გამოც.: Barlaam and Joasaph, with an English transl. by G. R. Woodward and H. Matingly, L., 1967.
ლიტ.: გ ვ ა ხ ა რ ი ა ა., „ბალავარიანის” სპარსული ვერსიები, თბ., 1985; ხ ი ნ თ ი ბ ი ძ ე ე., ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის, თბ., 1982 (რუს. გამოც., თბ., 1989; ინგლ. გამოც., ამსტერდამი, 1966); Л е б е д е в а И. Н., Повесть о Варлааме и Иоaсафе, Л., 1985; D ö l g e r F., Der Griechische Barlaam-Roman–ein Werk des H. Johannes von Damaskos, Ettal, 1953; P e e t e r s P., La Première traduction latine de `Barlaam et Ioasaph et son original grec. – In: «Analecta Bollandiana». t. 49, fasc. 3 et 4, Brux., Paris, 1931.
ე. ხინთიბიძე