ვარნეთი

ვარნეთი, სოფელი ისტორიულ ჯავახეთში. მდებარეობს ნიალის ველის სამხრ.-აღმ. კიდეზე, ქარზამეთისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ვ-ში ყოფილა ციხე („მესხურ მატიანეში” იხსენიება 1576), სადაც მომხდარა ბრძოლა ათაბაგისა და შალიკაშვილის მომხრეთა შორის: „ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდამა და ენკენისთუეს ოთხსა პატრონი ერეკლე, მათი ბიძაშვილი, მგელციხეს იყვნეს და შალიკაიანთ აზნაურიშვილებს თავს დაესხნენ. აზნაურიშვილები გარდაეხუეწნეს”. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, 1595 ვ. ახალქალაქის ლივაში შემავალ ნიალისყურის რ-ნში შედიოდა. მაშინ იქ 12 კომლი ქართვ. ცხოვრობდა: ბატატა თევდორეს ძე, გაგუჩა ძმა მისი, გოგიჩა ელიას ძე, ელისა ძმა მისი, ზურაბ, ვარძელ ძმა მისი, ლაშქარა გუბელას ძე, ბევროზა ძმა მისი, გოგოლა დანიელის ძე, დათუნა გულას ძე, იარაზიზ ბევროზას ძმა, იზაკა დანიელის ძე. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი და სელი. ჰქონიათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი და ფუტკარი. მათი წლიური გამოსაღები 14365 ახჩას შეადგენდა. 1714 „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის” მიხედვით, სოფ. ვ. ექვემდებარებოდა ვინმე აჰმედ მეჰმედის ძეს და იხდიდა გადასახადს 14365 ახჩის ოდენობით.

წყარო: სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979; ჯიქია  ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.

დ. ბერძენიშვილი