ვარნეთი

ვარნეთი, ვ ა რ ე ნ თ ა, ნასოფლარი ასპინძის სამხრეთ-დასავლეთით, ხევის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ასპინძის-ხევის შესართავს ზეით მოერთვის მტკვარ ვარენთის-ხევი... ვარენთას არს ციხე მაგარი, კლდესა ზედა შენი”. აქაური დასახლების სიძველეს მოწმობს 1970 ხვნის დროს აღმოჩენილი ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიის დეტალები. ნასოფლარის თავზე გადმომდგარ კლდეზე აგებულია ვ-ის ციხე, რ-იც სამი მხრიდან სრულიად მიუვალია. ციხის ერთ-ერთ ბურჯზე დარბაზული ეკლესიაა დაშენებული. ციხეცა და ეკლესიაც განვითარებული შუა საუკუნეების ხანისა უნდა იყოს. გაურკვეველია, სოფლის სახელი ვახუშტი ბატონიშვილმა დაამახინჯა, თუ შემდგომში შეიცვალა ვარენთი ვ-ად; 1595 ამ სოფელს ვ. ერქვა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” იგი ახალციხის ლივაში შემავალ ასპინძის ნაჰიეშია დასახელებული, სადაც 13 კომლი ქრისტიანი ქართველი ცხოვრობდა: ჯიმშერ, პაპუნა ძმა მისი, ვარძელ, გოგოლა ჯანისარის ძე, მირზა ძმა მისი, ბადურა, ვარძელ ძმა მისი, მასურა ზანდარას ძე, იონა პავლიას ძე და სხვ.; მათ მოყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელის თესლი; ჰქონიათ ბოსტნები, კაკალი, ხილი, ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი, სოფელს ჰქონია 2 თვალი წისქვილი. მათი წლიური გამოსაღები 13500 ახჩას შეადგენდა. 1714 სოფელი ექვემდებარებოდა ვინმე აბდურრაჰიმს და იხდიდა 700 ახჩას. 1848 მას უკვე დიდი ვ. ერქვა, სადაც 15 კომლი, 1870 კი – 24 კომლი ცხოვრობდა. ბოლო წლებში ჯავახეთის ვ-ს ზემო, სამცხისას კი ქვემო ვ. ერქვა. 1944 აქაური მაჰმადიანი მესხები შუა აზიაში გადაასახლეს, ამჟამად ნასოფლარია.

წყარო: ვახუშტი , აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის გამოც., თბ., 1941; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.

დ. ბერძენიშვილი