ვარშალომიძე გურამ ჰუსეინის ძე (დ. 5. V. 1939, სოფ. ხელვაჩაური, ახლანდ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (1999). საქართვ. (2000), უკრაინის (2001) და სხვ. საინჟინრო აკადემიების წევრი. 1964 დაამთავრა სპი-ის სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. 1964–70 მუშაობდა ტრესტ „საქნავთობის”, აზერბ. „ყარადაღნავთობის” და „აფშერონ ნავთობის” საწარმოებში; საქართვ. სამთო მექანიკის, საბადოთა დამუშავებისა და აფეთქების ფიზ. ინ-ტში; საქართვ. მეცნ. აკადემიის სამთო მექანიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. იყო აჭარის ავტონ. რესპ. მინისტრთა საბჭოს თავ-რე (1991–93), 2005–06 – „საქნავთობის” გენ. დირექტორი. 2006-იდან პედ. საქმიანობას ეწეოდა სტუ-ში, იყო „ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების, ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების” კათედრის გამგე. 2007-იდან მუშაობს ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” მრჩეველ-ექსპერტად. ვ-ის სამეცნ. გამოკვლევები ეძღვნება ენერგო და რესურსდამზოგი ეკოლოგიურად სუფთა თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგიას, შედეგები დაინერგა „საქნავთობში”, „თბილისის მეტროპოლიტენსა” და „ყუბანგაზმრეწვში” (რფ). ვ-ის ახ. სამეცნ. კვლევები ეხება ანტირადიაციული მასალის მიღების ახ. ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს ხუთი მონოგრაფია და შრომები საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. აქვს გამოგონებები. არის საქართვ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (2010). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: მაგისტრალური ნავთობსადენები, გაზსადენები და მიწისქვეშა გაზსაცავების დაპროექტება, მშენებლობა და ექსპლუატაცია, თბ., 2009 (თანაავტ. ი. გოგუაძე); Проблемы механики бурения нефтяных и газовых скважин, Батуми, 2003.