ვარციხე

ვარციხე, სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, ხანისწყლისა და რიონის შესართავთან, ვარციხის წყალსაცავის სამხრეთით. სათავო სოფელი. ზ. დ. 80 მ, ბაღდათიდან 13 კმ, რიონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2002). ვ-ის მახლობლადაა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. ახლანდ. სოფლის ადგილზე ადრინდ. შუა საუკუნეებში მდებარეობდა ეგრისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი – ბერძნ. წყაროებით როდოპოლისი, ქართ. წყაროებით – ვარციხე, ვარდციხე. პირველად მოიხსენიება VI ს. ბიზანტ. წყაროებში. ხელსაყრელი გეოგრ. მდებარეობის გამო ვ-ს დიდი სტრატეგიული და ეკონ. მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშ. სავაჭრო გზა (იხ. ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზები). VI ს. შუა წლებში სპარს.-ბიზანტ. ომის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. ირანელების პირველი თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახ. დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია. IX–XI სს-ში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდ. შუა საუკუნეების ვ. იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. 1737 შედგენილ დას. საქართველოს რუკის მიხედვით, აქ აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაუტარებია იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს, იმავე პერიოდისაა ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი ნაგებობათა ნაშთები და გალავნის გარეთ არქეოლოგების მიერ გაწმენდილი, გეგმით ოთხკუთხა მცირე ზომის ეკლესია, ვახუშტის მიხედვით „ერისთავებმა მოსწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს”. ვ-ის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრები წარმოებს 1972-იდან (ხელმძღვ. ვ. ჯაფარიძე). გამოვლინდა ციხე-ქალაქის უძველესი კომპლექსი კოშკებიანი გალავნით. არქეოლ. მასალა (ძირითადად კერამიკა და მინა) IV–VI სს-ით თარიღდება. ამ ხანაში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი იყო. ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლ. მასალა ეგრისის სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობაზე მიუთითებს. წითელლაქიანი კერამიკა და ამფორები ნაქალაქარზე რიონ-ფაზისის გზით უნდა მოხვედრილიყო. ამ გზამ ანტ. ხანაში და ფეოდ. ხანის გარკვეულ მონაკვეთებშიც შეინარჩუნა მნიშვნელობა. ასეთივე მნიშვნელოვანი იყო ქ. არტაშატიდან ზეკარზე, მდ. ხანისწყლის ხეობასა და ვ-ზე გავლით სებასტოპოლისისკენ მიმავალი გზა. გამოვლინდა აგრეთვე ნაგებობათა ნაშთები, რ-ებიც ვ-ის ახ. აღმავლობის ხანას (IX–XI სს.) განეკუთვნება. ამ ხანის ცხოვრების კვალი მთლიანად მოიცავდა IV–VI სს. ციხე-ქალაქის ტერიტორიას. აღმოჩნდა IX–X სს. მოჭიქული კერამიკა. ვ-იდან 800 მ დაცილებით გაითხარა ანტ. ხანის ნამოსახლარი გორა, რ-საც ხელოვნური თხრილი შემოუყვება. აღმოჩნდა ადრინდ. ანტ. ხანის რიყის ქვითა და კირქვით ნაგები, ხანძრით განადგურებული შენობების ნაშთები. ანტ. ხანის კულტ. ფენები ვრცელდება სამოსახლოს ირგვლივ. აღმოჩენილია ადგილ. და იმპორტ. კერამიკა (შავლაქიანი ჭურჭელი, ამფორები). გაითხარა ძვ. წ. IV–III სს. სამარხი. აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, მინისებრი პასტის მძივები, წითლად გამომწვარი დოქი და კოლხური თეთრი. მდ. რიონის მარჯვ. სანაპიროზე დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების დროს გამოვლინდა ადრინდ. შუა საუკუნეების ვ-ის სინქრონული სამოსახლოს ნაშთი. რიონის პირას შემორჩენილია ხუროთმოძღვრების ძეგლი – დიდი ციხის ნანგრევები. გეგმით წაგრძელებულ ციხეს (სიგრძე დაახლ. 200 მ, სიგანე 125 მ) კუთხეები მომრგვალებული აქვს. ძვ. ბერძნ. წყაროებში იგი როდოპოლისის (ნოქალაქევის) ციხესთან ერთად მოხსენიებულია როგორც „უდიდესი და ძველი სიმაგრეები” (თ. ყაუხჩიშვილი). გათხრების შედეგად გამოირკვა, რომ არსებული ციხის კედლების ქვეშ უფრო ძვ. ციხის ნაშთია. ძვ. ციხის კედლების სისქე დაახლ. 1 მ, ნაგებია კირქვის ნატეხებითა და კირის ხსნარით. აქა-იქ აგურიც გამოუყენებიათ. მეორე სამშენებლო ფენაში კედლების სისქე 2,5–4,5 მ-მდეა. საპირე წყობაში რიყის ქვაა ნახმარი, კედლებს შორის შესავსებად უძველესი ფენის ნანგრევებიდან მოპოვებული კირქვაც არის გამოყენებული. ზოგ ადგილას კედლების სიმაღლე 6–8 მ აღწევს, ზოგან მიწასთანაა გასწორებული. ციხის ჩრდ. ბოლოში, როგორც ჩანს, XX ს. დასაწყისში აქვე მოპ-ოვებული ქვებით აგებული ეკლესია დგას.

წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936.

ლიტ.: ლ ო მ ო უ რ ი   ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე   ვ., ნაქალაქარ ვარდციხის არქეოლოგიური შესწავლისათვის, კრ.: ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 2, თბ., 1974; Л е к в и н а д з е  В. А., Материалы по монументальному строительству в Лазике, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22B.

ვ. ჯაფარიძე