ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, შეიქმნა 1938 საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებით ამ სახელწოდებით, ხოლო 1981 წელს მას ეწოდა ხელოვნ., ისტ. და არქიტ. მუზეუმ-ნაკრძალი „ვარძია”. 2004-იდან მუზეუმ-ნაკრძალზე კონტროლს ახორციელებს საქართვ. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2008 წლიდან საქართვ. პრეზიდენტის ბრძანებულებით მუზეუმ-ნაკრძალი გადავიდა საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს დაქვემდებარებაში და ეწოდა ვ. ი.-ა. მ.-ნ. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. იგი შედგება XII ს. კლდეში ნაკვეთი ისტ. არქიტ. გამოქვაბულთა კომპლექსისა და უფრო ადრინდ. ხანის (X–XII სს.) ანანაურის ძეგლისაგან. მრავალსართულად (13 სართული) გამოკვეთილი კომპლექსი (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თავდაცვითი და საირიგაციო ნაგებობები, მონაზონთა სენაკები და სხვ.) ძირითადად შეიქმნა 1156–1203, ეკურთხა 1185 წელს თამარის მეფობის ხანაში (1184–1213). ვარძიის მრავალსათავსიანი პალატებისა (120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსი, 25 მარანი 185 ქვევრით და სხვ.) და ანსამბლის სხვა ელემენტების (სენაკები, სამრეკლო, სატრაპეზო და სხვ.) აგება XIII–XIV სს. დასრულდა. 2010 წლის 1 იანვრისათვის კომპლექსში შედიოდა: 242 გამოქვაბული, „სადარბაზო” მცირე ეკლესიით, თამარის სენაკი, სათათბირო ოთახი, სატრაპეზო, სალხინო მარნით, აფთიაქი, წყალსადენის ტრასა, თავდაცვითი ნაგებობები (საგანგებო სამალავები, საიდუმლო გვირაბები), XIII ს. სამრეკლო და მთავარი ეკლესიის კარიბჭე, ანანაურის ეკლესია XIII–XV სს. მოხ-ატულობით, “ლიტანიის ეკლესია” (სულ 15 ეკლესია); განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184–1203), სადაც მაცხოვრის ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები. მუზეუმ-ნაკრძალი ზედამხედველობას ახორციელებს, სწავლობს და პოპულარიზაციას უწევს მის სამოქმედო ზონაში განლაგებულ ისტ., არქიტ. და არქეოლ. ძეგლებს.