ვაუჩერი (ინგლ. voucher – ხელწერილი, თავდებობა), მოწმობა წერილობითი დოკუმენტის ან სხვა რაიმე სახით, რომელიც იძლევა განსაზღვრული საქონლის ან მომსახურების დადგენილი ოდენობით მიღების უფლებას. ვ. შეიძლება გაიცეს სხვადასხვა მიზნით, როგორც კერძო პირის, ისე სახელმწ. მიერ. უფრო ხშირად ის გამოიყენება სახელმწ. მიერ, როგორც სოც. და (ან) ეკონ. პოლიტიკის მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. საბჭოთა კავშირის დაშლის (1991) შემდეგ წარმოქმნილ სახელმწიფოებში სიტყვა „ვაუჩერი” დამკვიდრდა პრივატიზების პროცესთან დაკავშირებით. საბჭოთა მბრძანებლურ-გეგმური და ცენტრალიზებული სისტემის დემონტაჟი სხვა ღონისძიებებთან ერთად განხორციელდა პრივატიზების გზით, რაც გულისხმობდა სახელმწ. საკუთრების კერძო საკუთრებაში როგორც უფასო, ისე გამოსყიდვის გზით გადაცემას. ამ უკანასკნელში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობის მიზნით სახელმწიფომ გამოიყენა ვაუჩერული პრივატიზება, რ-ის დროსაც სახელმწ. საწარმოების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შემდეგ მათი აქტივების (აქციების) ყიდვა შესაძლებელი იყო „საპრივატიზებო ბარათებით” („ვაუჩერი” მათი არაოფიციალური დასახელებაა). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვ. ფართოდ გავრცელდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. საქართვ. სახელმწიფომ ვ-ები გამოუშვა შემდეგი პრინციპით: 1. გაიცა უფასოდ საქართველოს ყველა მოქალაქეზე; 2. ერთი საპრივატიზებო ბარათის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 30 აშშ დოლარის ოდენობით; 3. მისი გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ საპრივატიზებო ობიექტების აქტივების შესაძენად; 4. მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლით; 5. შეიძლებოდა მისი ყიდვა-გაყიდვა შეუზღუდავად; 6. არ იყო სახელობითი და მისი გამოყენება შეეძლო ყველა წარმომდგენს; 7. დაკარგვის შემთხვევაში სახელმწ. არ ჰქონდა აღდგენის პასუხისმგებლობა; 8. მისი გამოყენება შეიძლებოდა სპეციალურ, საბარათე აუქციონებზე სავაუჩერო პრივატიზების პროგრამით განსაზღვრულ პერიოდში; 9. ანგარიშსწორებაში საპრივატიზებო ბარათი მიიღებოდა ნომინალური ღირებულებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო იმ მომენტისათვის მისი საბაზრო ღირებულება. ამრიგად, საპრივატიზებო ბარათის სახით ვ. იყო დადგენილი ნომინალური ღირებულების, მიზნობრივი დანიშნულების სახელმწ. ფასიანი ქაღალდი, რ-იც გამოიყენებოდა სახელმწ. საკუთრების ობიექტების საპრივატიზებოდ. პრივატიზების დროს ვ. წარმოადგენდა ერთგვარ ქონებრივ კუპონს, რ-იც მოსახლეობამ მიიღო. ვ-ს აქვს უფრო ფართო დანიშნულება, ვიდრე საპრივატიზებო ბარათისა და ქონების გადანაწილებისა. ის სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება როგორც წერილობითი მოწმობა, დავალება, გარანტია. ის შეიძლება იყოს გარკვეული მიზნებით ფულის ნაცვლად გამოსაყენებელი კუპონი ან სერტიფიკატი. ვ-ები გამოიყენება ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით სასტუმროების მომსახურების დროს. ფართო გავრცელება პოვა ფასდაკლების ვაუჩერულმა სისტემამ. სიტყვა „ვაუჩერი” დამკვიდრდა ემპირიულ ლექსიკაში ინდივიდ. შეღავათების აღსანიშნავად. XX ს. 90-იანი წლებისაგან განსხვავებით, როდესაც მას ნეგატიური მნიშვნელობით იყენებდნენ, XXI ს. დასაწყისში მან პოზიტიური მნიშვნელობა შეიძინა. ვ. შეიძლება იყოს ფულადი კუპონის სახით. ამ ტიპის კუპონი ვ-ს წარმოადგენდა საქართველოში მისი შემოღებიდან (1993 წ. აპრილი) ეროვნულ ვალუტად – ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად – გამოცხადებამდე (1993 წ. აგვისტო). ნაღდი ფულის ნიშნების უქონლობის გამო გამოწვეული პრობლემების დასაძლევად მიმოქცევაში შემოტანილ იქნა ფულის ვ., ფულის სუროგატი (შემცვლელი) – „კუპონი”. კუპონი წარმოადგენდა რუბლის სერტიფიკატს, საქართვ. სახელმწ. მიერ გაცემულ რუბლის გარანტიის დოკუმენტურ მოწმობას, მიმოქცევაში რუბლის ტექ. შემცვლელს, ხოლო რუბლი უნაღდო ანგარიშსწორებაში რჩებოდა იქ, სადაც კუპონი არ იყო დაშვებული მის ეროვნ. ვალუტად გამოცხადებამდე. კუპონის, ისევე როგორც ნებისმიერი ვ-ის უკან, რეალური ფიზ. ქონება, ფასეულობა არ იდგა. ის მხოლოდ რუბლის ჩანაცვლების უფლების მოწმობა იყო. ვ-ის ფულის სერტიფიკატის მნიშვნელობით გამოყენება ფართოდ გავრცელდა თანამედროვე საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი სახეა სასწ. ვ., რ-იც გამოიხატება მოსწავლეებისა და სტუდენტების პერსონიფიცირებულ დაფინანსებაში განათლების მიღების მიზნით. სახელმწ. მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწ. ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანს. ნორმატივის შესაბამისი ვ-ით. იგივე დანიშნულება ჰქონდა პროფ. განათლების მსურველთათვის განკუთვნილ ერთჯერად 1000-ლარიან ვ-ს (2011). ვ-ის მეშვეობით მოხდა კახეთში მევენახეთა დამატებითი ანაზღაურება შავი და თეთრი ყურძნის სახეობების მიხედვით (2012 წ. შესაბამისად შეადგინა 35 და 25 თეთრი). ვ-ით მნიშვნელოვანი ზემოქმედება შეუძლია სახელმწ. არა მარტო ეკონომიკაზე, არამედ სოც. სფეროზეც. სოც. დახმარების სისტემაში ვ. გამოიყენება ახ. მეთოდების დასანერგად, როდესაც სოც. მომსახურების გაწევა კი არ ფინანსდება, არამედ ხდება მომსახურების შესყიდვა. ასეთებს წარმოადგენს სადაზღვევო ვ., სოც. ვ., აგრეთვე სასურსათო და ენერგეტ. ვ-ები. აღნიშნული ვ-ების გაყიდვა არ შეიძლებოდა, თუმცა შეიძლებოდა მისი გადაცემა ადრესატის მითითებით. 2011 საქართვ. მთავრობამ ვ-ები ქვეყნის მოსახლეობისთვის 3-ჯერ გასცა. ესენია: 20-ლარიანი ენერგოვაუჩერი, 30-ლარიანი სასურსათო ვ., 5-ლარიანი სატრანსპ. ვ. (გაიღო თბილ. მერიამ დედაქალაქის მოსახლეობისათვის). 2011 წ. 20 დეკემბრიდან 2012 წ. 31 იანვრამდე დარიგდა 30-ლარიანი “სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი”. თბილ. 2013 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული 100-ლარიანი კომუნ. ვ. გაიცა თბილ. მერიისაგან ხუთი თვის განმავლობაში. ამასთან 40 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს დამატებით მიეცემა 150 ლარი წლის განმავლობაში, აგრეთვე 5-ლარიანი სატრანსპ. ვაუჩერი 2012 წ. 17 ოქტომბრიდან 2013 წ. პირველ იანვრამდე. თბილისში ვ-ის გაცემა ადრეც ხდებოდა. 2007 ბოლოს გაიცა მედიკამენტების შესაძენი 25-ლარიანი ვ. პენსიონერებზე. 2012 დარიგდა 20-ლარიანი „ელექტროენერგიის ვაუჩერი” და სხვ. 2013 წ. 1 მარტიდან ხელისუფლებამ შემოიღო ფულის სერტიფიკატი ოფიც. დასახელებით – „სასოფლო-სამეურნეო ბარათი”. აღნიშნული ვ. სახელობითია და მისი თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა არ შეიძლება. სას.-სამ. ბარათების დარიგება ხდება საქართვ. მთავრობის „მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის” შესაბამისად. ის სხვადასხვა ტიპისაა. მცირემიწიანი ფერმერები სას.-სამ. ბარათის ფორმით, მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის შესაბამის სარგებელს. 2013 „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” განხორციელების მიზნით გათვალისწინებულია 180 მლნ. ლარზე მეტი.
მ. ჯიბუტი