ვაშაძე როსტისლავ სერგოს ძე

ვაშაძე როსტისლავ სერგოს ძე [5 (18). VIII. 1914, თბილისი, – 15. II. 1994, იქვე], გრაფიკოსი, სცენოგრაფი, კინოს მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1969). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1939). ამავე წლიდან მხატვრად მუშაობდა თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკადემიურ, შემდეგ კი თელავის დრამ. თეატრებში. 1945-იდან იყო თბილ. კინოსტუდია „ქართული ფილმის” კომბინირებულ გადაღებათა მხატვარი. მისი მონაწილეობით შეიქმნა მრავალი ფილმი: მ.შ. „დავით გურამიშვილი” (1946), „აკაკის აკვანი” (1947), „ქეთო და კოტე” (1948), „ბაში-აჩუკი” (1956), „მამლუქი” (1958), „მაია წყნეთელი” (1959), „ჯარისკაცის მამა” (1964), „სინემა” (1977), „ყვარყვარე თუთაბერი” (1978), „ჯადოსნური ღამე” (1983), „საფეხური” (1986) და სხვ. შექმნა ა. ანტონოვსკაიას რომან „დიდი მოურავის” ილუსტრაციები. 

ა.  გვენცაძე