ვაშლოვანი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს თემში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე. ზ. დ. 820 მ, თეთრიწყაროდან 35 კმ, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 812 მცხ. (2002). ვ. წყაროებში იხსენიება XVI ს-იდან. სოფელში შემონახულია ორბელიანების სასახლის ნანგრევი და საცხოვრ. კოშკი. წარწერის თანახმად, აუშენებია რუს. ჯარის გენერალს, თ. ორბელიანს 1811 (მშენებელი გიორგი ოსტატი). სოფლის აღმ. ნაწილში, ხევის პირას, დგას თლილი ქვით შემოსილი წინანაურის ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. იგი XI–XII სს-ში უნდა იყოს აგებული და გვიანდ. ფეოდ. ხანაში შეკეთებული. სოფლის ჩრდ.-დას. ნაწილში XVII–XVIII სს. ღვთისმშობლის ეკლესიაა. მის მახლობლად, სამხრ-ით, წმინდა მარინეს შუა საუკ. პატარა ეკლესიის ნანგრევებია.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.