ვაჩეიშვილი ალექსანდრე (სანდრო) კონსტანტინეს ძე [31.X. 1960, თბილისი, – 15.VIII. 1992, დაბა განთიადი (გაგრის მუნიციპალიტეტი); დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე], ფერმწერი, გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1984). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სოფ. ძვ. ქანდის (ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) საშ. სკოლაში (1984–87) და თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედ. ინ-ტში (1987–92). მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: საქართვ. მხატვართა რესპ. საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები (1987, თბილისი, მხატვრის სახლი); საქართვ. ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (1988, თბილისი, აბანოთუბანი); საქართვ. მხატვართა გამოფენა (1988, მოსკოვი, მანეჟი); ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა (1991, თბილისი, მხატვრის სახლი); პერსონალური გამოფენა (1993, თბილისი, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი); „გამოფენა-კონტრასტი” (1999, თბილისი, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა); პერსონალური გამოფენა (2001, თბილისი, გალერეა „TMS-ი”). ვ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის სიცხადე და ფაქიზი კოლორიტი, ფორმის ძიების თვალსაზრისით ის ნოვატორია. შექმნილი აქვს პორტრეტების, აბსტრაქციების, მონუმ.-დეკორ. კომპოზიციების ვრცელი სერიები. მთავარი თემა ადამიანის ჰარმონიულობაა. გამოცემულია ვ-ის ნამუშევრების ალბომი-კატალოგი (2001, თბილისი). მოხალისედ იბრძოდა სამაჩაბლოსა (1991 დეკ.) და აფხაზეთში (1992), დაიღუპა დაბა განთიადში მოწინააღმდეგის I საბრძოლო დესანტის გადასხმის დროს. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის” (1995).
თ. მელიქიშვილი