ვაჩნაძე ივანე ასლანის ძე [10. IV. 1899, სოფ. კარდანახი, – 23. IV. 1976, სომიური (საფრანგეთი)], საფრანგეთის არმიის ოფიცერი. სწავლობდა ვორონეჟის კადეტთა კორპუსში. 1918 ჩამოვიდა საქართველოში. სწავლა განაგრძო იუნკერთა სასწავლებლის საცხენოსნო განყ-ბაზე. რუსეთ-საქართველოს 1921 ომში იბრძოდა კოჯორსა და ტაბახმელაში იუნკერთა სკოლის შემადგენლობაში. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ სწავლობდა საფრანგეთში, სენ-მექსანის სამხ. სასწავლებელში. იყო ესკადრონის უფროსი. 1931 მსახურობდა სომიურის კავალერისტთა სკოლაში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს ვ. იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ საფრანგეთში. ჩავარდა ტყვედ, მაგრამ გაიქცა და 1940 ჩრდ. აფრიკაში შეუერთდა ფრანგულ არმიას. 1944 იბრძოდა საფრანგეთსა და გერმანიაში. 1946-იდან ალჟირში მეთაურობდა საფრანგეთის უცხ. ლეგიონის ქვედანაყოფს. მიღებული აქვს საფრ. რესპ. ჯილდოები, მ. შ. საპატიო ლეგიონის ორდენის ორი ხარისხი და საბრძოლო ჯვარი. 1951, სამხ. სამსახურის დატოვების შემდეგ, ასწავლიდა სომიურის კავალერისტთა სკოლაში. ვ-ს საფრანგეთის ქვეშევრდომობა არ მიუღია, ბოლომდე საქართველოს მოქალაქედ დარჩა. აღესრულა სომიურში. სკოლის დარბაზს, საიდანაც გამოასვენეს, მისი სახელი ეწოდა. ანდერძის თანახმად, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
მ. წურწუმია