ვაჩნაძე სიმონ მიხეილის ძე

ვაჩნაძე სიმონ მიხეილის ძე (15. II. 1888, თბილისი, – 4. IV. 1959, იქვე), ენათმეცნიერი, რუსისტი, ლექსიკოგრაფი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1950). დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის ფილოლოგიური ფაკ-ტის სლავურ-რუსული განყ-ბა (1918). 1930-მდე ქართ. და რუს. ენებს ასწავლიდა თბილ. I გიმნაზიასა და საშ. სკოლებში. 1930-იდან სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკ-ტის რუს. ენისა და ლიტ-რის (შემდეგ რუს. ენის) კათედრაზე. 1938-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა რუს. ენის კათედრას თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში. იმავე წლებში იყო ინ-ტის პრორექტორი სასწ.-სამეცნ. დარგში და ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი. იკვლევდა რუს. ენის ისტორიასა და თანამედროვე რუს. ენის, რუს. და ქართ. ენების შეპირისპირებითი შესწავლის საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „რუსულ-ქართული შეპირისპირებითი გრამატიკის სინტაქსის საკითხები” (რუს. ენაზე, 1970). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე შრომები რუს. ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე. ვ. იყო “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქციის წევრი და V ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში (1971). მონაწილეობდა თსუ-ის მიერ 1937 გამოცემული „რუსულ-ქართული ლექსიკონის” შედგენაში. იყო ენათმეცნ. ინ-ტის მიერ შედგენილი „რუსულ-ქართული ლექსიკონის” (ტ. 1–3, 1956–59) სარედაქციო კოლეგიის წევრი (ლექსიკონის მე-3 ტომს ერთვის მისი „რუსული ენის მოკლე გრამატიკული მიმოხილვა”).

ა. კობახიძე