ვაჩნაძეები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში ჩამოთვლილ კახეთის 13 სათავადო გვარს შორის ვ-ის საგვარეულოს მეექვსე ადგილზე ასახელებს. მისივე განმარტებით, ვაჩნაძეთა გვარი არის „უწარჩინებულესი და შემძლებელი”. ეს გვარი უნდა მომდინარეობდეს ხორნაბუჯის ერისთავ ვაჩეს სახელიდან, რ-იც XI ს-შია დადასტურებული. დავით რექტორის მტკიცებით, გამოჩენილი მოღვაწე და ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი (XII ს.) ვ-ის საგვარეულოდან იყო. იოანე ბატონიშვილის თხზულებაში ჩამოთვლილ კახეთის 24 სათავადო გვარს შორის ვ-ის საგვარეულო დასახელებულია მეხუთე ადგილას. ვ-ის სამფლობელოები მდებარეობდა მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, კარდანახსა და თელავს შორის (ამ რეგიონს „სავაჩნაძოც” ეწოდებოდა). ვ-ის საგვარეულო სასაფლაო იყო წმ. საბას ეკლესია (კარდანახის ჩრდილოეთით). სავაჩნაძო, ისევე როგორც კახეთის სხვა თავადთა სამფლობელოები, ერთიან სათავადოდ არ ჩამოყალიბებულა. ვ-ის ცალკეული სახლები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, განცალკევებით ფლობდნენ თავიანთ სამფლობელოებს. ამის შედეგად, ვ-ის რამდენიმე განშტოება წარმოიქმნა. როგორც იოანე ბატონიშვილი მიუთითებს: „ვაჩნაძეები ესენი არიან მამულით, სახელებითაც სხუა გვარად წოდებულნი, ე. ი. ასათის შვილებად და აგათოშვილებად და ონანაშვილებად, ხოლო პირველნი არიან ამათ შორის მოსახლენი: 1) ბებურის შვილები; 2) ყაპანას შვილები; 3) გიორგის შვილები; 4) აიდემურის შვილები; 5) თამარის შვილები; 6) ომანის შვილები. ესენი სახლობენ კარდანახს. ხოლო აგათოშვილები – ბაკურციხეს და ონანაშვილები – კოლაკს”. ამ უკანასკნელთა შესახებ შენიშნავს, რომ „თუმცა ონანაშვილები იყვნენ პირველ სომეხთა გვარნი, გარნა მეფემან ერეკლე პირველმან შუამდგომელობითა განჯის ბეგლარბეგის ქალბალაის ხანისა თხოვითა უბოძა ვაჩნაძეობა წელსა ქ-ეს აქეთ 1695-სა და მამული ამოწყვეტილი ვაჩნაძისა და გვარიც მისივე და ასრეთვე მეფემან თეიმურაზმანცა და მეორემან ერეკლემანცა მიიღეს რიცხვთა შინა თავად ვაჩნაძედ და აწ არიან მოსახლედ ლუარსაბისშვილად წოდებულნი”. ვ-ის საგვარეულოს წარმომადგენლები ქართ. საისტორიო წყაროებში XIV–XV საუკუნეებიდან უწყვეტად იხსენიებიან. პირველი ასეთი ცნობა დაცულია „გარიგება ჴელმწიფის კარისას” XVI პუნქტში („ვეზირობა”). კახეთში ვ-ს ეკავათ სხვადასხვა თანამდებობა: მეღვინეთუხუცესობა, ბოქაულთუხუცესობა, სხვადასხვა სამოურავოების, მ. შ. ქიზიყის, გავაზის განმგებლობა. ვ. აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტანტინე-ხანის წინააღმდეგ 1605 მოწყობილ აჯანყებაში. 18 ოქტომბერს, ბელაქნის წყალზე მომხდარ ბრძოლაში თამაზ და ბებურ ვ-მა მოკლეს მოღალატე ბატონიშვილი – კონსტანტინე-ხანი. XVII ს. ცნობილი მოვლენების (შაჰ აბას I-ის ლაშქრობანი კახეთში, ბრძოლა თეიმურაზ I-სა და როსტომს შორის, ბახტრიონის აჯანყება და სხვ.) დროს ვ-ის რამდენიმე სახლი ამოწყდა. ვ. იბრძოდნენ ერეკლე II-ის გვერდით 1751 იანვარში აგრისწყალთან (აგრიჩაი) მომხდარ ბრძოლაში, 1755 – ყვარლის ციხის ალყის გარღვევის ოპერაციაში. მათ თავი ისახელეს 1800 წ. 7 ნოემბერს კაკაბეთთან, ნიახურას ველზე, ომარ-ხანთან მომხდარ ბრძოლაში. რუს. იმპერიის მიერ გაუქმებული ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის მებრძოლთა შორის ვ-ც იყვნენ. აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის 1812 აჯანყებაში. 1850 რუს. იმპერიაში დამტკიცებულ ქართვ. თავად-აზნაურთა ნუსხაში თავადი ვ-ც შედიოდნენ. ვ-ის გვარიდან გამოვიდა არაერთი გენერალი და ოფიცერი. ვ. აქტიურად მონაწილეობდნენ 1924 აგვისტოს აჯანყებაში. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ისინი მსახურობდნენ უცხოეთის ქვეყნების (საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია) არმიებში.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; იოანე ბაგრატიონი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, რომელნიცა აღწერილ არიან ძველად მეფეთაგანცა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი № 550), თბ., 1997.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ნ., საადგილმამულო ურთიერთობისა და სათავადოების არსებობის საკითხისათვის XVI–XVII სს. კახეთის სამეფოში, «თსუ შრომები», 1959, ტ. 77; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., თავად ვაჩნაძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის. – კრ.: «სამეცნიერო პარადიგმები», თბ.–ქუთ., 2009.
ნ. ასათიანი
ნ. ჯავახიშვილი