ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლებს ვაჩნაძიანსა და კალაურს ზემოთ, მთებში. ეს მონასტერი სამეცნ. ლიტერატურაში ცნობილია როგორც „ვაჩნაძიანის ყველაწმინდა”. სახელგანთქმული და ძლიერი მონასტრის ყველაზე ძვ. ნაგებობა (VI–VII სს.) დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა იყო. ძეგლის დას. ნაწილი (შემორჩენილია აღმ. მონაკვეთი) ჩამოზვავებულ მიწას ჩაუტანია. ნაგებია რიყის ქვითა და დიდი ზომის აგურით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ადგილები შირიმის ქვითაა ამოყვანილი. ძეგლის თავისებურება იყო სამხრ-იდან და ჩრდ-იდან მიდგმული თითო პატარა ეკლესია (ფაქტობრივად 5 ნავი), ხოლო ნალისებრი აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს განლაგებულ პატარა, გეგმით სწორკუთხა სათავსებში აღმ-ის ფასადიდან თითო შესასვლელი იყო მოწყობილი. ამავე სათავსების დას. კედლებში დატანებული კარის მეშვეობით მთავარი ეკლესია გვერდის ეკლესიებს უკავშირდებოდა. მონასტრის მთავარი ნაგებობაა ყველაწმინდის გუმბათოვანი ტაძარი, რ-იც VIII ს. დასასრ. და IX ს. დასაწყისშია აგებული. ნაშენია რიყის ქვითა (კედლები, ზოგი კამარა, კონქები) და აგურით (ზოგი თაღი და კამარა, გუმბათის ყელი, ტრომპები და სხვ.). ძირითადი ნაწილი წაგრძელებული ნავია, რ-ის ცენტრში გრძივი კედლების შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათია აღმართული. შუა ნავის გარშემო მოთავსებულია სამკვეთლო, სადიაკვნე და გარსშემოსავლელი. ტაძრის ინტერიერი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. წინა დროის ძეგლებთან (ჯვარი, წრომი, ატენი) შედარებით პროპორციები მთლიანად შეცვლილია; ჩანს სწრაფვა ზემოთკენ – სივრცე დავიწროებული და ამაღლებულია, სიგრძივი ღერძიც უფრო მკაფიოდაა ხაზგასმული; საერთო აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთშეთანხმება ჰარმონიულია. ტაძარი საერთო კომპოზიციით წარმოადგენს სამეკლესიიანი ბაზილიკის თავისებურ გადამუშავებას. გუმბათისა და გუმბათქვეშა კვადრატის დასაკავშირებლად ჩნდება ახ. კონსტრ. ელემენტი – აფრები (პანდატივები), თუმცა არც ტრომპია უგულებელყოფილი, ის გამოუყენებიათ დამატებით სადგომებსა და ნავის კონქებით გადახურულ გვერდის ნიშებში. ვ. ყ-ის ტაძარი მხატვრული ღირსებებით ქართ. ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის ყველაზე მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. სამონასტრო ნაგებობათაგან შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოსა და სხვა შენობათა ნანგრევები. გუმბათოვანი ეკლესიის სამხრ-ით რამდენიმე ოთახია. მათგან ერთი, გეგმით კვადრ., ყრუკედლებიანი სათავსი ზემოდან ნათდებოდა. სავარაუდოა, რომ აქ მონასტრის ბიბლიოთეკა იყო (აქვეა წყარო). მონასტრის მაღალ გალავანს დას-ით ჭიშკარი ჰქონდა. 2011–12 მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენითი სამუშაოები
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
პ. ზაქარაია