ვაციწვერა

ვაციწვერა (Stipa), მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. უმეტესად კორდის შემქმნელი მცენარეებია. საგველა ყვავილედის თავთუნებში თითო მარცვალა ნაყოფია, რ-საც ყვავილის ქვედა კილი მჭიდროდ აქვს შემოზრდილი. კილი ფხიანია, ფხა ქვედა ნაწილში დაგრეხილი, საკმაოდ გრძელი და უმეტესად შებუსულია. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ, სუბტროპ. და ტროპ. სარტყლებში. აღმ. საქართველოს ბარისა და მთის ველებში 9 სახეობა იზრდება. მათგან ლესინგის ვ. (S. lessingiana), ფრთისებრი ვ. (S. pennata) და წვრილფოთოლა ვ. (S. tirsa) ველის მცენარეულობის ერთ-ერთი ედიფიკატორია; წურწუმა ვ. (S. capillata) მეზოფილურ თვისებებს იჩენს, ვრცელდება მთის კალთების ქვიშნარ ნიადაგზე. იგი სხვა ვ-ებთან შედარებით გვიან ვითარდება და ცხოველისათვის კარგი საკვებია (მხოლოდ ყვავილობამდე). ვ-ს სახეობათა უმეტესობა ქმნის დამოუკიდებელ დაჯგუფებებს – ვაციწვერიანებს.

შ. ნახუცრიშვილი