ვაწაძე გიორგი სპირიდონის ძე

ვაწაძე გიორგი სპირიდონის ძე [15 (27). XII. 1893, თბილისი, – 4. X. 1971, იქვე], ფიზიოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედ. მეცნ. დოქტორი (1932), პროფესორი (1935), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). 1916 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1924–26 იყო საქართვ. ჯანდაცვის სახ. კომისრის მოადგილე. 1926–29 მუშაობდა ბერლინში რონას ლაბორატორიაში და კილში ჰებერის ფიზიოლ. ინ-ტში. 1930–31, 1932–36 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის რექტორი, 1930–45 – ამავე ინ-ტის ფიზიოლ. კათედრის ხელმძღვანელი, 1936–45 – საქართვ. ჯანდაცვის სახ. კომისარიატის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის დირექტორი. 1956–71 განაგებდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლოგიის ინ-ტის რადიობიოლოგიის ლაბორატორიას; 1943 მისი თაოსნობით შეიქმნა ნატურალური კუჭის წვენის დასამზადებელი საამქრო თბილ. ფარმაცევტულ ქ-ნაში. ვ-მ შეისწავლა ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის მნიშვნელობა შარდის გამომუშავებისას; წყალტუბოს, ბორჯომისა და ჯავის მინერ. წყლების გავლენა საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. გამოიკვლია რენტგენის სხივების გავლენა ნერვული უჯრედის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შედგენილობაზე. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული რადიობიოლოგიის პრობლემური საბჭოს თავ-რე (1960–71).

თხზ.: О симпатической иннервации скелетной мышцы, «Журнал экспериментальной биологии и медицины», 1926, №8; Действие рентгенлучей на окислительное фосфорилирование мозговой ткани, «Вопросы биохимии нервной системы», 1963, №5.

ნ. გელაშვილი