გრამატიკა

გრამატიკა (ბერძნ. rammatikē < gramma – ასო, დაწერილობა), ენათმეცნიერების ნაწილი. შეისწავლის ბგერით სისტემას, სიტყვისა და შესიტყვების სტრუქტურასა და ფუნქციებს. გ-ში გამოყოფენ ფონეტიკას, მორფოლოგიასა და სინტაქსს.

გ-ის რაობისა და შედგენილობის გაგება სხვადასხვაგვარი იყო ენათმეცნ. ჩამოყალიბებამდე (XIX ს.) და ჩამოყალიბების შემდეგაც. გ. ჩამოყალიბდა ძვ. ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. გ., როგორც „ხელოვნება" (სწორად წერისა და მეტყველებისა), შეიქმნა ძვ. ბერძნ. ენის შესწავლის პროცესში (დიონისე თრაკიელის „Technē grammatikē", ძვ. წ. II– I სს.).

სინტაქსი შექმნა აპოლონიოს დისკოლომ ახ. წ. II ს-ში. XVII ს-ში შეიქმნა „ზოგადი ანუ რაციონალური გრამატიკა" („პორ-როიალის გრამატიკა"). იგი ენის კატეგორიებს ლოგიკის კატეგორიებზე დამყარებით განიხილავდა.

გ. მეცნიერებად იქცა XIX ს-ში ენის ისტორიისა და შედარებითი კვლევის შედეგად. ენის ისტ. ძიებამ შექმნა ახ. დარგები – სემასიოლოგია (ანუ სემანტიკა), მეცნ. ეტიმოლოგია, სახე უცვალა ფონეტიკასა და მორფოლოგიას („ეტიმოლოგია"), ხელი შეუწყო ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის, როგორც საენათმეცნიერო დარგების ჩამოყალიბებას.

გრამატ. მეცნიერებით ქართველთა დაინტერესება იწყება X ს-იდან. გრამატ. აზროვნების პირველი ნაკადი ჩნდება X–XII სს-ში ბიზანტ. მეცნიერთა გავლენით. ამ პერიოდში იქმნება პირველი გრამატ. ტრაქტატები: ანონიმი ქართვ. გრამატიკოსის „სიტყუაჲ ართრონთათჳს" და იოანე პეტრიწის „ბოლოსიტყუაჲ", რ-იც ერთვის პროკლეს „განმარტებაჲს".

XII ს-ში ითარგმნა ამონიოს ჰერმიას თხზულებანი, რ-შიც გ-ის საკითხებზე მსჯელობისას ბერძნ. გრამატ. ტერმინოლოგია ან პირდაპირ არის გადმოტანილი, ან შექმნილია სათანადო კალკები, რ-თა მეშვეობით შესაძლებელი ხდება მსჯელობა ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის მრავალ საკითხზე. ჩანს, რომ ქართველები იცნობდნენ როგორც დიონისე თრაკიელის გრამატიკას, ისე IX– X სს. მის განმმარტებელთა დებულებებს, რ-თაც, მსგავსად პლატონის, არისტოტელეს, პროკლე დიადოქოსის ნაშრომებისა, ეცნობოდნენ ბერძნ. დედნებში. გიორგი მთაწმიდელი „ღრამატიკოსად" მოიხსენიება ათონის ივერთა მონასტრის 1074 აღაპების წიგნში და მისი ღვაწლი დახასიათებულია დიონისე თრაკიელის გ-ის მოთხოვნათა მიხედვით.

გელათის თეოლოგიურმა სკოლამ, იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით, დაიწყო სალიტ. ენის დემოკრატიზაცია სამწერლობო ენაში სამეტყველო ენის ლექსიკისა და გრამატ. ფორმების შემოტანით. ამ პერიოდში შექმნილი ენობრივი ლექსიკური მოდელები წარმატებით გამოიყენეს მეხოტბეებმა და შოთა რუსთაველმა.

ქართ. ენის გრამატ. კვლევა განახლდა XVII ს-ში იტალ. კათოლიკე მისიონერთა ინიციატივით. ისინი საქართველოში ხსნიდნენ სკოლებს, სადაც ბერძნ. და ლათ. გ-ებთან ერთად ასწავლიდნენ ქართ. ენისთვის მათ მიერ დადგენილ გრამატ. წესებს.

1629 რომში დაიბეჭდა „ქართულ-იტალიური ლექსიკონი", რ-იც შეადგინეს ს. პაოლინიმ და ნიკიფორე ირბაქმა (ნ. ჩოლოყაშვილი ). 1643 რომშივე დაიბეჭდა ფ.-მ. მაჯოს „ქართული ენის გრამატიკა". 1670–80 წლებით თარიღდება ბერნარდე ნეაპოლელის მიერ შედგენილი ქართულ- იტალიური და იტალიურ-ქართული ხელნაწერი ლექსიკონები, ხოლო XVIII ს. პირველი მეოთხედით – ანონიმი ავტორის მიერ შედგენილი გორული „იტალიურ-ქართული ლექსიკონი", რ-საც წინ უძღვის 33-გვერდიანი გრამატ. ტრაქტატი. როგორც ბერნარდე ნეაპოლელის, ისე გორელი ანონიმი მისიონერის ლექსიკონში სახელებთან უთითებენ ფუძეთა წარმოქმნას, ზმნებთან კი – სიტყვათა ფორმაცვალებას კატეგორიების მიხედვით. ლექსიკონებში ლექსიკურ განმარტებებთან ერთად არის გრამატ. ინფორმაციაც.

XVII–XVIII სს-ში ქართ. გრამატ. აზრის აღორძინება და ახ. საფეხურზე აყვანა დაკავშირებულია ს.-ს. ორბელიანისა და ანტონ I-ის სახელებთან. იტალ. მისიონრებთან ურთიერთობამ ორივეს საშუალება მისცა, კარგად გასცნობოდნენ როგორც ლათ. გრამატიკებს, ისე თვით იტალიელთა მიერ შედგენილ ქართ. ენის გრამატიკებსა და ლექსიკონებს. სულხან-საბას „ლექსიკონი ქართულის" შექმნის მიზანი იყო „გარყვნილი" ენის უცხო მინარევთაგან გაწმენდა, მისი სრულქმნა და განმტკიცება. ლექსიკონი უნდა გამხდარიყო „სასწავლო კეთილგონიერთა მოსწავლეთათვის" (ასეთივე მიზნით გამოიცემოდა იტალ. ენის ლექსიკონიც XVI ს-იდან). მასალის ხასიათით, მასშტაბითა და ნორმატიული დანიშნულებით სულხან-საბას ლექსიკონი იტალ. ლექსიკონთა პრინციპებს მიჰყვება. სულხან-საბას ლექსიკონს ახლავს დანართი „სასწავლო ყრმათათვის", სადაც წარმოდგენილია ქართული ენის ბგერითი ანალიზი, მოცემულია მორფემათა კონკრეტული დახასიათება, აგებულია სახელთა და ზმნათა პარადიგმები იტალ. მისიონერთა ნაშრომებზე დაყრდნობით. ამ ლექსიკონში ქართ. ტრადიციასაც ეწევა ანგარიში: იოანე პეტრიწისა და ანონიმი ქართვ. გრამატიკოსის მიერ ნახმარი ტერმინები ან პირდაპირ არის გადმოტანილი, ან მათი მნიშვნელობებია შეცვლილი.

სულხან-საბას ლექსიკონისა და იტალ. მისიონერთა გრამატ. ტრაქტატების სახით ანტონ I-ს სოლიდური მასალა და დებულებები დახვდა. რუსეთში ყოფნისას (ექვსი წლის განმავლობაში) იგი ეცნობოდა ევრ. ენათა გ-ებს, ცდილობდა დაედგინა, რა იყო ენებს შორის საერთო და რა – სპეციფიკური. მისი „ქართული ღრამმატიკის" მეორე რედაქცია ჩამოყალიბებული მეცნ. ნაშრომია. მასში დადგენილია სახელთა და ზმნათა ფორმაცვალების სახეები, რ-თაგან ზოგი დღესაც ინარჩუნებს ნორმის ძალას. „ქართული ღრამმატიკის" ამ რედაქციაში ანტონ I აღარ ლაპარაკობს სამი სტილის შესახებ, პირიქით, მოითხოვს ერთიანი სამწერლობო ენის ტრადიციებსა და ხალხ. მეტყველებაზე დამყარებული სალიტ. ენის შექმნას. ეს თვალსაზრისი უთუოდ გამოძახილი იყო რუსეთში XVIII ს. 30–60-იან წლებში მიმდინარე დავისა რუს. სალიტ. ენასთან დაკავშირებით. ანტონის მიერ ჩამოყალიბებული ნორმები იმ დროის დანაწევრებულ საქართველოში იყო ერთადერთი ეროვნ. შემადუღაბებელი მოვლენა, როგორც ამას ს. ჯანაშია თვლიდა. ანტონ I-ის „ქართული ღრამმატიკა" საფუძველი გახდა შემდგომი პერიოდის ყველა გრამატიკისა და, თუმცა მას სხვადასხვანაირად კითხულობდნენ მომდევნო თაობათა წარმომადგენლები, ერთი რამ ნათელია – XIX ს. 90-იან წლებამდე არსებითად ანტონის გრამატიკის ვარიანტები ტრიალებს, მეტ-ნაკლებად გასაგები ენით დაწერილი. სახელისა და ზმნურ კატეგორიებს (ბრუნება, რიცხვი, პირი, კილო, დრო და სხვ.) ქართ. ენის გრამატიკის შემდგენელნი კარგად იცნობდნენ ბერძნ.-ლათ. გრამატიკული სახელმძღვანელოებიდან და მათ უსადაგებდნენ ქართ. ენის მონაცემებს. ცალკეა აღსანიშნავი სულხან-საბას ორიგინ. ტრაქტატი ზმნისწინების შესახებ, რ-იც მისი ლექსიკონის Β რედაქციის დანართშია. ამ დამოუკიდებელ ნაშრომში ზმნისწინები დახასიათებულია გეზის კატეგორიის მიხედვით. გ-ში უფრო რთულია ფორმაცვალებად მეტყველების ნაწილთა ანალიზი. მაგ., ანტონ I-ის „ქართული ღრამმატიკის" გავლენით ბრუნებაში მიცემითისაგან გაუდიფერენცირებელი იყო ვით. ბრუნვა (უფრო ადრე შედგენილ პარადიგმაში სულხან-საბა მათ ცალ-ცალკე იძლევა) და ზედმეტი იყო ბრალდებითი („შემასმენლობითი"). ანტონ I-ის შემდეგ ეს ვითარება კარგა ხანს შემორჩა (გაიოზ რექტორი, პ. იოსელიანი და სხვ.); ა. ვ. ქუთათელაძეს პარადიგმაში არ შეაქვს შემასმენლობითი ბრუნვა, ოღონდ თავის ადგილზეა ვითარებითი („განვითარებითი"). იმავე ხანებში გამოცემულ თ. ჟორდანიას გრამატიკაში ბრალდებითი (ანუ შემასმენლობითი) კვლავ ცალკე ბრუნვადაა შეტანილი, ვითარებითიც ("ზმნისზედითი") გამოყოფილია მიცემითისაგან; ზ. შანშოვანის "მოკლე ღრამმატიკაში ქართულისა ენისა", რ-იც 144 წლის განმავლობაში უცნობი იყო, და, ამდენად, მას რაიმე გავლენის მოხდენა არც შეეძლო შემდგომი პერიოდის გრამატიკოსებზე (ა. ა. ცაგარელი ), სულხან-საბას მიხედვითაა გაწყობილი ქართ. ანბანი (ვ გადატანილია 8-ს მომდევნოდ) და შემასმენლობითში („საძიებო") სახელი წარმოდგენილია მიც. და სახ. ბრუნვების ფორმებით (კაცებს, კაცნი), რაც აგრეთვე გამოძახილია სულხან-საბას პარადიგმისა, სადაც ბრალდებითს („აკუსატიო") დაესმის მიც. ბრუნვის კითხვა. სულხან-საბა კი ანგარიშს უწევდა XI–XII სს. მიჯნის ტრაქტატის – „სიტყუა ართრონთათს" – დებულებებს მიცემითსა და აკუზატიურ ბრუნვებთან დაკავშირებით.

XX ს-ში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართ. სახელების ბრუნების პარადიგმა (მხოლოდ მოთხრობითი იწვევს გარკვეულ მერყეობას): ამოიღეს ბრალდებითი ბრუნვა (აკუზატივი), ვითარებითმა კი თავისი ადგილი დაიმკვიდრა. უფრო რთული იყო ზმნათა უღლებაში გარკვევა. ზმნურ პარადიგმებს პირველად ვხვდებით ფ.-მ. მაჯოს გრამატიკასა და სხვა იტალ. მისიონერთა ლექსიკონებში (ბერნარდე ნეაპოლელი, გორელი ანონიმი...); ქართვ. ავტორთაგან პირველია ს.-ს. ორბელიანი, რ-მაც იტალიელთა (კერძოდ, გორელი ანონიმის) მიხედვით „ლექსიკონი ქართულის" დანართში („სასწავლო ყრმათა") შეიტანა „მ ი ყ ვ ა რ ს" ზმნის უღლება დრო-კილოთა მიხედვით. თუმცა უღლების პარადიგმები ბერძნ.-ლათ. გრამატიკების მიხედვით იქმნებოდა, სპეციფიკა მაინც იჩენდა თავს. მაგ., ფ.-მ. მაჯომ წარსული დროის ცნობილ ფორმებს (უწყვეტელი, წყვეტილი, თურმეობით-მეორე – იმპერფექტი, პერფექტი, პლუსქვამპერფექტი) დაუმატა კიდევ თურმეობით-პირველი და, რადგან ლათინურში მას ვერ მიუსადაგა ვერაფერი, ზმნური ფორმები განსაზღვრა იტალიურად, სახელი კი ლათინური მისცა: Praeteritum perfectum magis propinquum – „ახალი ნამყო სრული", წყვეტილის სახელია Praeteritum perfectum minus propinquum – „დაშორებული ნამყო სრული". შემდეგ ამათ „ახლორე წარსულისა" (წყვეტილი) და „შორადრე წარსულის" (თურმეობითი I) სახით ვხვდებით ანტონ პირველის გრამატიკაში ($248, დ); თურმეობით II-ს (ნამყო წინარე წარსული) ანტონი უწოდებს „ფრიად უშორესს", ასევე „ნამყო უუსრულესს".

აღსანიშნავია, რომ პარადიგმათა გამართვაში სულხანიცა და ანტონიც ხშირად ჩარეულან და ორთოგრაფიაც შეუცვლიათ სალიტ. ენის ტრადიციისამებრ. XIX და XX სს. ქართვ. გრამატიკოსებს ამ ფორმათა ძიება აღარ დასჭირვებიათ: თურმეობით I-ს უწოდებენ „ნამყო უსრულესს" (ნ. ჩუბინაშვილი) ან „ნამყო ისტორიულს" (თ. ჟორდანია) და სხვ., მართალია, ფრანცისკო-მარია მაჯოს გაგება შეცვალეს, მაგრამ თურმეობითი I-ის ფორმა უღლებაში დარჩა. გრამატ. კატეგორიების მეცნ. აღწერა და ზმნური პარადიგმების სრულქმნა შემდგომ პერიოდს ეკუთვნის (ნ. მარი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია და სხვ.), თუმცა მათ შესახებ მსჯელობა ძვ. დროის გრამატიკოსებთანაც არაერთხელ გვხვდება.

გამოც.: ანტონ  პირველი, ქართული ღრამმატიკა (მეორე გამოც. – 1767), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ელ. ბაბუნაშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. კიკნაძემ, თბ., 1997.

ლიტ.: ბ ა ბ უ ნ ა შ ვ ი ლ ი  ე., ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, თბ., 1970; ბაბუნაშვილი ე., უთურგაიძე თ., ანტონ პირველის „ქართული გრამატიკა" და მისი ეროვნულ-ისტორიული მნიშვნელობა, თბ., 1991; კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია, [თბ.], 1929; კვანტალიანი ლ., ქართული წინადადების შესწავლის ისტორია, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1990, ტ. 19; მისივე, ქართული ენის სინტაქსის შესწავლის ისტორია, იქვე, 1993, ტ. 31; მელიქიშვილი დ., გელათის სკოლა და ქართული მეცნიერული ენის განვითარების საკითხები, «თსუ შრომები», 1986, ტ. 10 – ენათმეცნიერება; უ თ უ რ გ ა ი ძ ე თ., ქართული ენის შესწავლა იტალიელ მისიონერთა მიერ და მათი მეცნიერული ნააზრევის ურთიერთმიმართება, «იბერიულკავკასიური ენათმეცნიერება», 1990, ტ. 29; მისივე, ქართული ენის შესწავლის ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1999; ფოცხიშვილი ა., ქართული გრამატიკული აზრის ისტორიისათვის, თბ., 1979; მისივე, ქართული ენათმეცნიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1995; შანიძე მ., "სიტყუაჱ ართრონთათჳს". ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი, თბ., 1990; ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; მისივე, გრამატიკა, ქსე, ტ. 3, თბ., 1978; ჩიქობავა ა., ვათეიშვილი ჯ., პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები, თბ., 1983; Жордания Г., Гамезардашвили З., Римско-католическая миссия и Грузия, Тб., 1994; Орловская Н. К., Анонимная грузинская грамматика ХVII в. на итальянском языке, «თსუ შრომები», 1972, ტ. 75; მისივე, Грузинские словари Бернардо Неаполитанского, «ლიტერატურული ძიებანი», 1972, [ტ.] 3; Цагарели А., О грамматической литературе грузинского языка, СПб., 1873.

თ. უთურგაიძე