ვაჭრობა, ეკონომიკის დარგი, რომელიც ყიდვა-გაყიდვის საშუალებით უზრუნველყოფს საქონლის მიმოქცევას, ანუ მის მიწოდებას მწარმოებლიდან მომხმარებლამდე. ისტორიულად ვ. წარმოიშვა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების აღმოცენებისა და შრომის საზ. დანაწილების შედეგად ჯერ კიდევ პირველყოფილი საზ-ბის პირობებში. ვ-ის განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი მიეცა ფეოდ. საზოგადოებაში დიდი გეოგრ. აღმოჩენების შედეგად, ხოლო კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად მან თავისი სრულყოფის უმაღლეს ფორმას მიაღწია. საბაზრო ურთიერთობის პირობებში ვ. მოიცავს ყველა სახის საქონლით (მატერ.-ნივთობრივი, მიწა, კაპიტალი, მომსახურება, ფასიანი ქაღალდები, ვალუტა, ინტელექტუალური და ინფორმაციული პროდუქტი და ა. შ.), ანუ ყველა იმ ფასეულობებით ვ-ს, რ-იც აკმაყოფილებს ადამიანის ამა თუ იმ მოთხოვნილებას და წარმოდგენილია ბაზარზე გასაყიდად.განასხვავებენ შიდა და საგარეო (საერთაშორისო) ვ-ს. შ ი დ ა ვ., თავის მხრივ, ორგანიზაციული ფორმებიდან გამომდინარე, შედგება საბითუმო და საცალო ვ-ისაგან. ს ა ბ ი თ უ მ ო ვ. წარმოადგენს ე. წ. „შუალედური” ვ-ის რგოლს მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. მისი ყიდვა-გაყიდვის ობიექტია მსხვილი სასაქონლო პარტიები, რ-ებსაც საბითუმო საწარმოები და ფირმები შეისყიდიან უშუალოდ მწარმოებლებისაგან, რათა მიყიდონ იმ საწარმოებს, რ-ებიც მათი საცალო გაყიდვით არიან დაკავებულები. ს ა ც ა ლ ო ვ. საქონელმიმოქცევის საცალო ფაზაა, რ-ის დროსაც საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია უშუალოდ მომხმარებლისათვის, ანუ უმთავრესად მათი პირადი საჭიროებისათვის არის განკუთვნილი და ხორციელდება საცალო ქსელის მეშვეობით. საცალო ქსელში საქონლისა და მომსახურების გაყიდვების შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს საცალო საქონელბრუნვის მაჩვენებელს, ხოლო მასში შემავალი ცალკეული სასაქონლო ჯგუფებისა და სახეების წილი ქმნის საქონელბრუნვის სასაქონლო სტრუქტურას. უკანასკნელ პერიოდში მრეწველობა სულ უფრო მეტად აფართოებს ს ა ფ ი რ მ ო ვ-ს, საკუთარი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას საკუთარი საცალო ქსელით. თანამედროვე სამეცნ.-ტექ. პროგრესის პირობებში ვ-ის უახლესი ფორმაა ე ლ ე ქ ტ რ ო ნ უ ლ ი ვ. – ვ. ინტერნეტისა და სხვა ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით. სა გ ა რ ე ო ვ. მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვ-ს ქვეყნებს შორის. ძირითადი განსხვავება შიდა და გარე ვ-ს შორის მდგომარეობს იმაში, რომ უკანასკნელი გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის გამოყენებას, აგრეთვე ისეთი მექანიზმების რეგულირებას, როგორებიცაა: სატარიფო პოლიტიკა, კვოტები და სავალუტო კონტროლი. ეკონ. თეორიაში მიღებულია, რომ საერთაშ. ვ-ის არსებობის საფუძველი არის არსებითი განსხვავება ქვეყნებს შორის წარმოების ხარჯებში, აგრეთვე ის, რომ რიგი საქონლის წარმოება და მომსახურება მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებშია შესაძლებელი. შეფარდებითი უპირატესობის თეორიის მიხედვით, ქვეყნებს შორის განსხვავება ხარჯების სტრუქტურაში ანიჭებს ამ ქვეყნებს შეფარდებით უპირატესობას, წარმოშობს საერთაშ. ვ-ის აუცილებლობას და უზრუნველყოფს ამ სფეროდან ქვეყნებისთვის მაქს. კეთილდღეობის მიღებას. საერთაშ. ვ. გვევლინება წარმოების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მისი ზრდის ტემპები მსოფლიო წარმოების ზრდის ტემპებს 1,5–2-ჯერ აღემატება. სა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვ-ის განვითარებას უძველესი ისტორია აქვს, რაც მნიშვნელოვნად გამოიკვეთა XI –XII სს-ში, როდესაც ქვეყანაში შექმნილი დოვლათის უდიდესი ნაწილი (ხელოსნური წარმოება, სამშენებლო, ძვირფასი ლითონები და ქვები, სოფლის მეურნეობის პროდუქტი) როგორც შიდა, ასევე გარე ვ-ის საგანი იყო. საგარეო ვ-ის განვითარებას დიდად უწყობდა ხელს ის ფაქტი, რომ საქართველოზე გადიოდა აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთი მარშრუტი. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის კვალობაზე ძირეულად შეიცვალა ვ-ის განვითარების ტენდენციები. 1990-მდე საქართველოში ძირითადად სამი ფორმის ვ. იყო წარმოდგენილი: სახელმწიფო, კოოპერაციული და საკოლმეურნეო, რ-თაგან წამყვანი როლი სახელმწ. ვ-ს ეკავა. იგი მოიცავდა საცალო საქონელბრუნვის 70%-ს და სახალხო მოხმარების საქონლის საბითუმო ბრუნვის 90-მდე პროცენტს. ქვეყანაში საბაზრო ეკონ. პრინციპების დანერგვის კვალობაზე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს კერძო ვ., რ-ის ხვედრითი წილი საერთო საქონელბრუნვაში 99%-ს აღწევს. ღია ტიპის საბაზრო ეკონ. განვითარებასთან ერთად დამყარდა მრავალმხრივი ეკონ. კავშირები მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რამაც, თავის მხრივ, ბიძგი მისცა საგარეო ვ-ის როგორც მოცულობის, ასევე არეალის მნიშვნელოვან ზრდას. საქართველოში 2011 წლის მონაცემებით ვ-ზე მოდიოდა მთლიანი შიდა პროდუქტის (24,4 მლრდ. ლარი) 12,6% (3,1 მლრდ. ლარი). საგარეო ვ-ის ბრუნვამ 2014 წელს შეადგინა 11,4 მლრდ. აშშ დოლარი, აქედან ექსპორტმა – 2,8, ხოლო იმპორტმა – 8,5 მლრდ. დოლარი (წინა წელთან შედარებით ზრდა 5%). საქართველო ახორციელებს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას (დაბალი გადასახადები იმპორტზე, იმპორტ-ექსპორტირებისათვის საჭირო ლიცენზიების მცირე რაოდენობა და სხვ.). საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრია 2000-იდან და „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით” სარგებლობს ვმო-ს 159 წევრ ქვეყანასთან. 2005-იდან საქართველო სარგებლობს პრეფერენციების განზოგადებული სისტემის ახ. სქემის ბენეფიციებით და უფლება აქვს ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია. თავისუფალი ვ-ის შესახებ შეთანხმებები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 12 ქვეყანასთან, მ. შ. თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან და სხვ.
გ. ჭუმბურიძე