ვაჭრობის საერთაშორისო პალატა

ვაჭრობის საერთაშორისო პალატა (International Chamber of Commerce, ICC), საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია. შეიქმნა 1919 და დღეისათვის აერთიანებს ათასობით მსხვილ საწარმოს, ასოციაციას, კომპანიას მსოფლიოს 150-მდე ქვეყნიდან და ხელს უწყობს ბიზნესის წინაშე მდგარი მეთოდური და პრაქტ. ამოცანების გადაწყვეტას. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშ. საფინანსო-ეკონ. ორგანიზაციებთან და წარმოადგენს მათ საკონსულტაციო კოლექტიურ ორგანოს. ვ. ს. პ-ის ადგილსამყოფელია პარიზი (საფრანგეთი). ვ. ს. პ-ის ძირითადი ამოცანებია: ვაჭრობისა და ინვესტირების წესების საფუძველზე ეკონ. პოლიტიკისა და პრაქტიკის სრულყოფის საკითხების თაობაზე შეიმუშაოს რეკომენდაციები, კომერციული საქმიანობის სტანდარტების უნიფიცირებული კოდექსები და წესები, რ-ებიც დაკავშირებულია საერთაშ. ვაჭრობის ლიბერალიზაციასთან. ვ. ს. პ., როგორც ეკონ. თვითმმართველობის საერთაშ. ინ-ტი, თავის საქმიანობას წარმართავს საექსპერტო კომისიების, კომიტეტების, ქვეკომიტეტების და სამუშაო ჯგუფების მეშვეობით. მათი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: საერთაშ. კომერციული ტერმინების განსაზღვრა; საგადასახადო მექანიზმების სტანდარტიზაცია; ინკასოთი საერთაშ. ანგარიშსწორების უნიფიცირებული წესების შემუშავება; სავაჭრო დოკუმენტების უნიფიცირება აკრედიტივებზე, სახელშეკრულებო გარანტიებზე, საარბიტრაჟო სამართალზე, კონკურენციაზე, უცხ. ინვესტიციებზე, გადაზიდვებზე და ა.შ. ვ. ს. პ. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს საერთაშ. კონფერენციებს და სემინარებს, რ-თა მეშვეობითაც საზოგადოებამდე მიაქვს ექსპერტთა შეფასებები და სიახლეები. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს გლობალური მასშტაბის მსოფლიო კონგრესს, სადაც განიხილავენ საერთაშ. გამოწვევებს და პრობლემებს, რ-ებსაც შეიძლება უახლოეს მომავალში წააწყდეს საწარმო ან კომპანია და შეიმუშავებენ სტრატეგიას მათი დაძლევის მიმართულებით. ვ. ს. პ-თან არსებობს 1923 შექმნილი საერთაშ. საარბიტრაჟო სასამართლო (International Court Arbitration), რ-იც განიხილავს საერთაშ. დავებს ვაჭრობის სფეროში. ვ. ს. პ-ის ფარგლებში ფუნქციონირებს 15 საერთაშ. კომისია, მათთან არსებული კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები შემდეგ სფეროებში: საერთაშ. ვაჭრობა და ინვესტიციური პოლიტიკა; ფინანს. მომსახურება; დაზღვევა; დაბეგვრა; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა; კონკურენციის პრაქტიკა და სამართალი; მარკეტინგი და სამართალი; საჰაერო ტრანსპორტი; საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი; კომპიუტერები, ტელესაკომუნიკაციო და ინფორმაციული პოლიტიკა; საერთაშ. არბიტრაჟი; ინტელექტუალური და სამრეწვ. საკუთრება. გარდა ზემოაღნიშნული საერთაშ. კომისიებისა, ვ. ს. პ-თან ფუნქციონირებს შემდეგი სპეციალიზებული ორგანოები: საერთაშ. საზღვაო არბიტრაჟის მუდმივი კომიტეტი; ექსპერტიზის საერთაშ. ცენტრი; მარკეტინგის პრაქტიკის საერთაშ. ცენტრი; საერთაშ. მეწარმეობის სამართლის და პრაქტიკის ინ-ტი; სავაჭრო პალატების საერთაშ. ბიურო; სამსახური კომერციულ დანაშაულებებზე; საზღვაო თანამშრომლობის ცენტრი. ყოფ. სსრკ-ის ტერიტორიაზე მოქმედებს ეროვნ. პალატები რუსეთში, უკრაინაში, ლიტვაში, ესტონეთსა და საქართველოში (იხ. სტ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა)

ი. მესხია