ვახანია ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (28. VIII. 1930, ქუთაისი, – 23. VII. 2014, თბილისი), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2001; წ.-კორ. 1988). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1981). დაამთავრა თსუ (1954). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და ფუნქციური ანალიზის განყ-ბის გამგე (1961-იდან), დირექტორი (1979–2005), თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის დეკანი (1970–73), ამავე უნ-ტის შემთხვევითი პროცესების თეორიის კათედრის გამგე (1971–78), ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. საბჭოს წევრი და მათ. სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1992-იდან). ვ-ს ძირითადი შრომები ეძღვნება ალბათობის თეორიისა და ფუნქციური ანალიზის, აგრეთვე გამოთვლითი მათ. დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის პრობლემებს. მან ააგო უსასრულოგანზომილებიან სივრცეებში ალბათურ განაწილებათა კოვარიაციული თეორია, აღწერა გაუსის ზომები წრფივ სივრცეებში, გამოიკვლია ვექტორულ ფუნქციათა წრფივი აპროქსიმაციის თეორიის საკითხები, შეისწავლა არაკლასიკური სასაზღვრო ამოცანები ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისათვის, სითხით გავსებული ბზრიალას მცირე რხევების მდგრადობის ამოცანა და სხვ. ვ-ს მნიშვნელოვან გამოკვლევათა შედეგების დიდი ნაწილი თავმოყრილია მონოგრაფიებში: „ალბათური განაწილებები წრფივ სივრცეებში” (თბ., 1971, რუს. ენაზე) და „ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეებში” (სხვა ავტორებთან ერთად, მოსკოვი, 1985, რუს. ენაზე, ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ციტირებული მონოგრაფია). ორივე მონოგრაფია თარგმნილია ინგლისურად და გამოცემულია ჰოლანდიაში. მიღებული აქვს ა. რაზმაძისა და ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემიები (1992, 2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).
ლიტ.: К юбилею Н. Н. Вахания, «Теория вероятностей и ее применения», 2005, т. 50, №4.
ვ. ტარიელაძე