ვახანის ციხე

ვახანის ციხე, მდებარეობს სოფელ ვახანის (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით. წყაროებში პირველად დამოწმებულია 1650–52 წლებში იმერეთში რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლიევის, ანგარიშებში. ვ. ც-ს მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა და კონტროლს უწევდა მესხეთიდან დას. საქართველოში მიმავალ უკიდურეს აღმოსავლეთ და აღმ. საქართველოდან დასავლეთში მიმავალ უკიდურეს სამხრეთ გზებს. ციხის უძველეს სამშ. ფენებში შეიმჩნევა ადრინდ. შუა საუკუნეების ხანის წყობის ფრაგმენტები. ციხის ერთი ზურგის კედელი სწორ ხაზს მისდევს, დანარჩენები კუთხეებმომრგვალებულ წაგრძელებულ სწორკუთხედს ქმნის. ზურგის კედელს გარედან მცირედ შვერილი ბურჯები აქვს, შიგნიდან ზედ მიდგმულია გეგმით კვადრ. კოშკი – დონჟონი. ნაგებია ტლანქად დამუშავებული, დიდი კვადრ. ლოდებით. სათოფურები არა აქვს, რაც იმას მოწმობს, რომ აშენებულია ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებამდე, XV–XVI სს-მდე. გალავნის შიგნით, ჩრდ.-აღმ. კუთხეში, უხეში ქვით ნაშენი პატარა ერთნავიანი სამლოცველოა. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ ვ. ც. თავდაპირველად იმერეთის სამეფოში შედიოდა. შემორჩენილია იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის 1658–60 წწ. სიგელი ომადმანიძისადმი, სადაც იმერეთის მეფე ამ საგვარეულოს ერთ-ერთ წარმომადგენელს უახლებს ციხის მფლობელობას. მოგვიანებით ვ. ც-ს აბაშიძეები დაეუფლნენ. XVIII ს. 30–50-იან წლებში ვ. ც. ქართლის სააბაშიძეოს კუთვნილებაში გადავიდა და ქართლის სამეფოს საზღვრებში მოექცა. 1779 ქართლის სააბაშიძეო დაიშალა, ხოლო ვ. ც. აბაშიძეთა საერთო საკუთრებად ჩაითვალა. 1785 წ. 27 ოქტომბერს ვ. ც-ს ალყა შემოარტყა ავარიის გამგებელმა ომარ-ხანმა. ციხის დაცვას ხელმძღვანელობდა ქაიხოსრო აბაშიძე. ორჯერ უშედეგო იერიშის შემდეგ ომარ-ხანმა ციხე მოტყუებით ჩაიგდო ხელში (1785 წ. 31 ოქტ.). ლეკებმა ვ. ც. გადაწვეს, ხოლო იქ თავშეფარებული 700 კაციდან ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანეს.

თ. ბერაძე

ვ. ბერიძე