ვახვახიშვილები, თავადური გვარი კახეთში. იოანე ბატონიშვილის მიხედვით მათი წინაპრები, ვახვახად წოდებულნი, თავდაპირველად სამცხეში სახლებულან, XIII ს. ბოლოს კახეთში გადასულან და თელავს დასახლებულან; იწოდებოდნენ ვ-ად და ბაზიერთხუციშვილებად; ამათივე განაყოფები არიან ზაალისშვილები, ყორჩიბაშისშვილები და კახისშვილები. ყველაზე ადრე იხსენიებიან 1492–97 კათოლიკოს აბალაკის საბუთში, რ-შიც ვახვახიშვილი ზუბელა დასახელებულია მოწმედ კახეთში მცხეთის კუთვნილი მამულების საზღვრების დადგენის ამბავთან დაკავშირებით. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ვ. შეყვანილი ჰყავს კახეთის „უწარჩინებულეს და შემძლებელ მთავართა” სიაში. მისივე მტკიცებით, 1587 ერთ-ერთი ვახვახიშვილი გამოცხადებულა შაჰ აბას I-თან და გამაჰმადიანებულა, ხოლო შაჰ-აბასის მიერ ერევნის ციხის აღების (1604 წ. 8. VI) შემდეგ, როდესაც მას ალექსანდრე II კახთა მეფისათვის წაურთმევია გაღმა მხრის კახეთის აღმ. ნაწილი – კაკ-ელისენი და წუქეთი – ამ ტერიტ. მმართველად, ალის-სულტნად, სწორედ გამაჰმადიანებული ვ. დაუსვამს. მისი რეზიდენცია იყო „ქურმუხი, სიმაგრე დიდშენი, და აწ სახლი ალისსულტნისა”. თელავში შემორჩენილია უფრო გვიანდელი ხანის – XVIII ს. ვახვახიშვილების ციხე.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; იოანე ბაგრატიონი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, რომელნიცა აღწერილ არიან ძველად მეფეთაგანცა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი №550), თბ., 1997.
ნ. ასათიანი