ვახტანგ IV, საქართველოს მეფე 1442–46. ალექსანდრე I დიდის ძე, გამეფდა მამის ბერად აღკვეცის შემდეგ. ვ. IV-თან ერთად მეფეებად მოიხსენიებიან მისი ძმები: დიმიტრი, გიორგი, მისი ბიძაშვილი ბაგრატი (იხ. ბაგრატ VI), რაც ერთიანი საქართვ. მეფის ხელისუფლების დაკნინებას მოწმობს. 1444 ჯაჰან-შაჰმა სამცხეს შემოუტია (იხ. ჯაჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში XV ს. 40-იან წლებში), მაგრამ ვ. IV-მ მისი უკუგდება შეძლო. გარდაიცვალა უძეოდ. დაკრძალულია ბანაში მეუღლესთან, ფანასკერტელის ასულ სითიხ-ათუნთან ერთად.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
ნ. ასათიანი