ვახტანგ V, შ ა ჰ ნ ა ვ ა ზ ი (გ. 1675), ქართლის მეფე 1658–75. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. სათავადოს მეთაური 1629–58. ვ. V როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 ირანში მას მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვ. V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დას. საქართვ. მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირის დამყარება ქართლის ჰეგემონობით; ცენტრ. ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტ. უფლებების შეზღუდვა; ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონ. წინსვლისათვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვ. V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. მშვიდობიანმა საგარეო პოლიტ. ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონ. წინსვლას. ვ. V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი არჩილი იმერეთის ტახტზე აიყვანა (1661). დადიანად ვ. V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვ. V-ის ხელქვეით გაერთიანდა. მაგრამ მალე ოსმალეთის მოთხოვნით ვ. V იძულებული გახდა არჩილი იმერეთიდან გაეყვანა, რის შემდეგაც ვ. V-მ მისი კახეთში გამეფება მოინდომა, თუმცა უშედეგოდ – მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე (შემდეგში ერეკლე I) გამოვიდა, რ-მაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვ. V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო 1675 ირანის შაჰმა ვ. V თავისთან დაიბარა. ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. ყუმში.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვახუშტი , აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ფეშანგი, შაჰნავაზიანი, გ. ლეონიძის და ს. იორდანიშვილის რედ., [თბ.], 1935.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. აკოფაშვილი