გრანტი

გრანტი (ინგლ. grant – სუბსიდია, დოტაცია, საჩუქარი), 1. მეორე მხარისადმი უსასყიდლოდ გადაცემული ნებისმიერი ფასეულობა; 2. ბიუჯეტის შემოსავლების შევსების ერთ-ერთი წყარო, რ-იც არ ექვემდებარება დაბრუნებას.

გ. შეიძლება იყოს ფულადი და სასაქონლო სახის. გ. გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნ.- კვლ., ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოც. პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განსახორციელებლად.

მიღების წყაროების მიხედვით გ. იყოფა სხვადასხვა სახეობებად. ესენია: სხვა ქვეყნის მთავრობებიდან, საერთაშ. ორგანიზაციებიდან, საგარეო არასახელმწიფოებრივი წყაროებიდან, სახელმწიფო მმართველობის სხვა დონის ორგანიზაციებიდან მიღებული და სხვა არაკლასიფიცირებული გ-ები. გ-ის მიმღები შეიძლება იყოს სახელმწიფო, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, არასამეწარმეო იურიდიული პირი, მოქალაქე. მისი გაცემის სამართლებრივი საფუძველია ხელშეკრულება გ-ის გამცემსა და მიმღებს შორის. გ. გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის.

საქართველო უკანასკნელ წლებში დიდი მოცულობის სხვადასხვა სახის გ-ს ღებულობს საერთაშ. ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების ან მათი წარმომადგენლობებისგან, რაც აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საერთაშ. ორგანიზაციებიდან მიღებული გ-ები გამოიყენება სიღარიბის დაძლევის, გარემოს დაცვის, დაცული ტერიტორიების, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარების, ეპიდემიურ დაავადებათა კონტროლის, განაღდების სისტემის რეფორმის, ლტოლვილთა დახმარების, რეგიონების განვითარებისა და სხვა ღონისძიებებისათვის. უცხო ქვეყნების მთავრობებისა ან მათი წარმომადგენლობებისგან საქართველოში მიღებული გ-ები გამოიყენება ქალაქების კომუნ. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, კაპიტ. მშენებლობისათვის, ეროვნ. ტყე-პარკების რეაბილიტაცია-შენახვისათვის, ინფექციურ დაავადებათა ლიკვიდაციისათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და სხვა ღონისძიებებისათვის.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური გ-ების მოცულობამ 2007 წ. შეადგინა 208,6 მლნ. ლარი, 2008 წ. – 617,1 მლნ. ლარი, 2009 წ. – 555,4 მლნ. ლარი, 2010 წ. იგი დაიგეგმა 463,1 მლნ. ლარის მოცულობით. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მიყენებული ზარალისა და მსოფლიოს ეკონ. კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შერბილების მიზნით ევროკავშირის, აშშის, სხვა ქვეყნებისა და საერთაშ. ორგანიზაციების მიერ საქართველოს 2008–11 წლებისათვის გამოეყო გ. 2,0 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობით.

ი. მესხია