ვახტანგ გორგასლის მოედანი, თბილისის ძველთაძველი სავაჭრო მოედანი, ცნობილია XVII ს-იდან. მდებარეობს ძვ. თბილისში (კალა), მეტეხის ხიდსა და ჟ. შარდენის, კ. აფხაზის, ჰ. თუმანიანისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის. მოქცეულია ქალაქის ორ უძველეს ნაწილს – აბანოთუბანსა და კალას შორის, ხოლო მეტეხის ხიდით დაკავშირებულია მესამე ძვ. უბანთან – ისანთან. მოედანი რამდენიმე სახელითაა ცნობილი: თავდაპირველად დაბლა ციხესთან სიახლოვის გამო ც ი ხ ი ს მ ო ე დ ა ნ ი ერქვა (ასეა დატანილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილ. 1735 წ. გეგმაზე). 1750, ქალაქისა და ციხის გამყოფი კედლის აღების შემდეგ, იხსენიება როგორც ქ ვ ე მ ო მ ე ი დ ა ნ ი, მ ე ი დ ა ნ ი (შეტანილია 1841 წ. შედგენილ თბილ. ქუჩებისა და მოედნების სიაში), თ ა თ რ ი ს მ ა ი დ ა ნ ი (დატანილია თბილ. 1851, 1867, 1897, 1934 წლების გეგმებზე), მაიდანი (ასეა შეტანილი თბილ. გამგეობის მიერ 1903 წ. შედგენილ ქუჩების სიაში; თბილ. ქუჩების 1940 წ. ცნობარშიც). ვახტანგ I გორგასლის სახელი ეწოდა 1958. ვ. გ. მ. იყო კალის სამხ. (აქ იმართებოდა სამხ. აღლუმები), საზ. და სავაჭრო ცენტრი. ყოველდღიური ბაზრობის გარდა, აქ ეწყობოდა საკვირაო და სადღესასწაულო ბაზრობაც, სადაც ქარავნები აღმ. ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ. მოედნის შუაში გამართულ ჩარდახში იდგა დიდი სასწორი – აქედან ხდებოდა პროდუქტების გადანაწილება ბაზრის ტერიტორიაზე. „სოფლიდან მოსული საქონელი თავდაპირველად ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ – ქორვაჭრებს, რისი ნიშანიც ყაფანზე აღმართული ბაირაღი იყო. სრულ 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლელთა აღებ-მიცემა” (ი. გრიშაშვილი). მოედანზე შადრევნიანი წყალსატევი იყო (იარსება XIX ს. დასასრულამდე), რ-შიც კერამიკული მილებით ჩაედინებოდა თაბორის ქედის კალთებიდან გამოყვანილი წყაროს წყალი. მოედანზევე იყო სამეფო დუქნები, ყავახანები, სასადილოები (აშპაშხანა). ვ. გ. მ-ის რეკონსტრუქცია დაიწყო XX ს. 20-იან წლებში ყოფ. შუა ბაზრის (ახლანდ. კ. აფხაზის ქუჩა) გაფართოებასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. შემდეგი რეკონსტრუქციის დროს (1940–50) მოედანი გაიხსნა მტკვრის მხარეს. რეკონსტრუქციების შედეგად მოისპო მეტად კოლორიტული განაშენიანება მეტეხის ხიდის გარშემო – შაჰ-ისმაილის მეჩეთი (XVII–XVIII სს.) და მინარეთი, ქარვასლა, შეკიდებულაივნიანი სახლები, რ-თა პირველი სართულები სავაჭროებს ჰქონდა დათმობილი. ძვ. შენობებიდან შემორჩა მხოლოდ ციხის დიდი ეკლესია. ძვ. მოედნის კოლორიტი ასახულია მრავალ დოკუმენტსა თუ მხატვრულ ნაწარმოებში (ჟ. შარდენი, ჟ. ტურნეფორი, გ. გაგარინი და სხვ.). ამჟამად მოედანი საკმაოდ გადატვირთული მნიშვნელოვანი სატრანსპ. კვანძია.
ლიტ.: გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა. ტფ., 1927; თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები, თბ., 2008.
თ. ბერიძე