ვახტანგ III გურიელი, გურიის მთავარი 1792–97, გიორგი V გურიელის ვაჟი. 1788 საბატონიშვილო მამული მიიღო მდ. სუფსის მარჯვ. მხარეს, შემდეგ მიითვისა საჯუმათლოს ყმა-მამულიც, ეურჩებოდა ძმას – სვიმონ III გურიელს. 1792 გურიელად დასვა სოლომონ II-მ. 1794 სოლომონ II-ის წინააღმდეგ მებრძოლ დავით გიორგის ძეს მიემხრო. სოლომონ II-ის გამარჯვების შემდეგ ოსმალებს დაუახლოვდა. 1797 ძმამ – ქაიხოსრომ გადააყენა და კვლავ საბატონიშვილოზე დასვა. ვ. III გ. განაგრძობდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის, რის გამოც იგი ქაიხოსრომ შეიპყრო და გურიიდან გააძევა. ვ. III გ-მა ახალციხის ფაშას – სელიმს შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 იგი სელიმმა შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და პ. ციციანოვის თხოვნით გაათავისუფლა. 1805 საბატონიშვილო მამული დაიბრუნა, თუმცა მალევე გარდაიცვალა.
ქ. ჩხატარაიშვილი