ვახტანგ VI-ის მონეტა, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის სპილენძის მონეტები, რომლებიც იჭრებოდა მისი ჯანიშინობისას თბილისის სამეფო ზარაფხანაში 1708–09. 1708 წ. დათარიღებული ნახევარბისთიანი მონეტების საშუალო მასა შეადგენს 8,87 გ (მაქს. 9,04 გ, მინ. 8,38 გ), ხოლო 1709 დათარიღებულისა – 8,79 გ (მაქს. 9,16 გ, მინ. 8,20 გ). მათი დიამეტრი საშუალოდ 25–26 მმ. მონეტის შუბლზე გამოსახულია მარჯვნივ ან მარცხნივ მცურავი სამანძიანი ხომალდი, გემზე ზემოდან ეშვება მტრედი, რ-საც ნისკარტით რტო უპყრია. ქვემოთ, ზღვის ტალღების ფონზე, მონეტაზე აღნიშნულია მოჭრის თარიღი შემდეგი ფორმით – 178 (იგულისხმება 1708) ან 179 (იგულისხმება 1709). ყოველივე ამას გარს აკრავს ხაზოვან-წერტილოვანი რკალი. ზოგჯერ ხომალდის ანძებს შორის აღბეჭდილია ვარსკვლავი, მონეტის ზურგზე კი – სამი („ვნგ” ან „ვტგ”) ანდა ორი ასოსაგან შემდგარი მეფის დაქარაგმებული სახელი ქართულად (მხედრული შრიფტით), რ-იც ჩასმულია ორნამენტულ ჩარჩოში. მის გარეთ სპარს. ლეგენდაა: „ფულუსი იჭედა თბილისს წელსა 1120”. იქვე გამოსახულია ორი თევზი, რ-ებიც ერთმანეთის საპირისპიროდ მიცურავს (ზოდიაქოს ნიშანი). მონეტებზე მათი მოჭრის თარიღი აღნიშნულია როგორც ქრისტ. წელთაღრიცხვით, ასევე ჰიჯრით, რაც პირველი შემთხვევაა ქართ. ნუმიზმატიკის ისტორიაში. ამ მონეტების გამოშვებით თბილ. ზარაფხანაში განახლდა ქართულწარწერიანი ლითონის ფულის მოჭრა, რაც ორ საუკუნეზე მეტხანს შეწყვეტილი იყო. ამით ბაგრატიონებმა დაიბრუნეს სამონეტო რეგალია.
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა თ., დ უ ნ დ უ ა გ., ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ფული საქართველოში, II გადამუშ. გამოცემაგამოც. მე-2, თბ., 2003; დ უ ნ დ უ ა გ., დ უ ნ დ უ ა თ., ქართული ნუმიზმატიკა, ნაწ. 2, თბ., 2011; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., ვახტანგ VI-ის ღვაწლის ასახვა საზოგადოებრივ აზროვნებაში, ჟურნ. «ისტორიანი», 2013, №9 (33); Ку т е л и я Т., Грузия и Сефевидский Иран (по данным нумизматики), Тб., 1979.
ნ. ჯავახიშვილი