ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შექმნილი საკოდიფიკაციო კომისიის მიერ 1705–08 შედგენილი კანონთა კრებული; შეიცავს შესავალსა და შვიდ საკანონმდებლო ძეგლს: 1. სამართალი მოსესი, 2. სამართალი ბერძნული, 3. სამართალი სომხური, 4. სამართალი კათოლიკოსთა, 5. სამართალი მეფის გიორგისა, 6. სამართალი აღბუღასი, 7. სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა. მოსეს სამართლის ქართ. ვერსია წარმოადგენს გამონაკრებს ბიბლიის მე-5 წიგნიდან – „მეორე სჯულიდან” (5, 13–27) და შეიცავს 52 მუხლს. კანონთა ტექსტი აღებულია არა თანამიმდევრობით, არამედ შერჩევითა და შემოკლებით. კრებულის II ნაწილია „სამართალი ბერძული”, რ-შიც გადმოცემულია მათე ბლასტარის იურიდ. ტრაქტატის – ალფაბეტური სინტაგმისა და კონსტანტინე არმენოპულოსის „ექვსწიგნეულის” შემოკლებული თუ სხვა წყაროებიდან შერჩეული სამართ. დებულებები და ნორმები. კრებულის III ნაწილი – „სამართალი სომხური” – შედგება სირიულ-რომაული სამართლისა (მმ. 1–150) და მხითარ გოშის სამართლის წიგნის ქართ. ვერსიებისაგან (მმ. 151–431). სომხ. ტექსტის ბევრი მუხლი ქართულში შემოკლებული და გაერთიანებულია ან, პირიქით, დედნის ერთი მუხლი დაყოფილია რამდენიმე მუხლად. ქართულად თარგმნილი არ არის სომხ. სამართ. წიგნის შესავლის I–VII და IX–XI თავები, აგრეთვე მრავალი მუხლი. ამავე დროს ქართ. ვერსიაში არის ისეთი მუხლები და ჩანართები, რ–ებიც სომხ. დედანში არ მოიპოვება. მხითარ გოშის სამართ. წიგნი შედგენილია XII–XIII სს. მიჯნაზე. კრებულის IV ნაწილია „კათალიკოსთა სამართალი” , რ-იც, კ. კეკელიძის აზრით, შედგენილია 1543–49. მისი მთავარი წყაროა „დიდი სჯულისკანონი”. საკანონმდებლო კრებაში მონაწილეობდნენ ქართლის კათოლიკოსი მალაქია, აფხ. კათოლიკოსი ევდემონი და „ყოველნი ებისკოპოზნი აფხაზეთისანი”. კათოლიკოსთა სამართალი, რ-იც დას. საქართველოს საეკლ. სჯულმდებლობას წარმოადგენს, აღმ. საქართველოშიც მოქმედებდა. კრებულის V ნაწილი – სამართალი მეფის გიორგისა ანუ „ძეგლის დადება მეფეთ მეფის გიორგის მიერ” – შეიცავს შესავალსა და 46 მუხლს; შედგენილი უნდა იყოს 1335. იგი ძირითადად წარმოადგენს სისხლის სამართ. კანონმდებლობას – „სისხლის განაჩენს”, აწესრიგებს აგრეთვე ადმ. სამართლის, საადგილმამულო ურთიერთობის, პროცესუალურ და ზოგ სამოქალაქო სამართ. საკითხს. კრებულის VI ნაწილი – სამართალი აღბუღასი (იხ. „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე”) – ბექა მანდატურთუხუცესისა და აღბუღა ათაბაგ–ამირსპასალარის სამართ. წიგნებს შეიცავს. ბექას სამართალი (მმ. 1–65) შედგენილია 1295–1304, აღბუღასი – 1381–86. კრებულის ხელნაწერებში ბექა-აღბუღას სამართალი ერთ საკანონმდებლო ძეგლად არის შეტანილი და 175 მუხლს შეიცავს (იხ. აგრეთვე ბაგრატ კურაპალატის სამართალი). უეჭველია, რომ ბექა-აღბუღას სამართალმა დიდი გავლენა იქონია ვახტანგ ბატონიშვილის სამართ. წიგნზე. კრებულის ბოლო, VII ნაწილი – საკუთრივ „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” – შედგენილია 1705–08, შეიცავს შესავალსა და 270 მუხლს. ვახტანგის სამართ. წიგნის ძირითადი წყაროა ქართ. ჩვეულებითი სამართალი. კანონთა შედგენისას გათვალისწინებულია კრებულში შესული სხვა ქართ., აგრეთვე უცხ. სამართ. წიგნებიც. კრებულის უძველეს ნუსხად ითვლება საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტის (ახლანდ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი) S – 3683 ხელნაწერი, რ-იც თვით ვახტანგის მიერ არის რედაქტირებული. 1711 წლამდე უნდა იყოს გადაწერილი კრებულის Q – 575 ნუსხაც. სხვა ნუსხები უფრო გვიანდელია. კრებული თარგმნილია რუს. და ევრ. ენებზე; ორჯერ გამოიცა რუსულად (Сборник законов грузинского царя Вахтанга VI, 1828 და 1887). 1914 ო. უორდროპმა ინგლისურად თარგმნა გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება, ხოლო 1934–39 სტრასბურგის უნ-ტის პროფესორმა ჟ. კარსტმა ფრანგ. ენაზე 5 წიგნად გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალის, ბექა-აღბუღასა და ვახტანგ VI-ის სამართ. წიგნები, რ-თაც ვრცელი მუხლობრივი კომენტარი დაურთო.

პუბლ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ.1, თბ., 1963.

ლიტ.: ჯა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი   ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1, ნაკვ.1, ტფ., 1928 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6, თბ., 1982).

ი. დოლიძე