ვეგა კარპიო

ვეგა კარპიო (Vega Carpio) ლოპე ფელიქს დე (25. XI. 1562, მადრიდი, – 27. VIII. 1635, იქვე), ესპანელი დრამატურგი; ესპანეთის ეროვნ. თეატრის ფუძემდებელი. დაიბადა ხელოსნის ოჯახში. მიიღო საფუძვლიანი განათლება. თავდაპირველად სწავლობდა მადრიდის იეზუიტთა კოლეგიაში, შემდეგ კი სამეფო აკადემიასა და ქ. ალკალა დე ენარესის უნ-ტში. ვ. კ-ს ლიტ. მემკვიდრეობა ჟანრობრივად მრავალფეროვანია, მაგრამ მისი სახელი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია თეატრსა და დრამატურგიასთან. როგორც ვარაუდობენ, მისი დრამატურგიული მემკვიდრეობა უნდა მოიცავდეს 2000-ზე მეტ პიესას; ჩვენამდე მოაღწია 458 პიესამ, 50-მდე აუტომ, დანარჩენი თხზულებები მხოლოდ სათაურებითაა ცნობილი. ვ. კ-ს პიესა „ფუენტე ოვეხუნა” („ცხვრის წყარო”) იყო პირველი ქართ. სპექტაკლი, რ-ითაც აღინიშნა ჩვენი ეროვნ. თეატრის აღორძინების დასაწყისი. პიესა 1922 თბილ. რუსთაველის სახ. ქართ. აკად. თეატრში დადგა კ. მარჯანიშვილმა (თარგმნა კ. მაყაშვილმა; რეჟ. დ. ანთაძე, მხატვარი ვ. სიდამონ-ერისთავი, კომპოზიტორი თ. ვახვახიშვილი, ქორეოგრაფი დ. მაჭავარიანი), პრემიერა შედგა 25 ნოემბ. და ფართო გამოხმაურება პოვა. სპექტაკლი 1928 (24 ნოემბ.) წარმოადგინეს მოსკოვში გასტროლების დროს. მარჯანიშვილისეული დადგმა აღადგინა ვ. გოძიაშვილმა თავდაპირველად 1941, შემდეგ – 1947. დიდი მოწონება ხვდა წილად აგრეთვე ვ. კ-ს კომედიას „ცეკვის მასწავლებელი”, რ-იც თარგმნა ს. ფაშალიშვილმა.