ვედრებისელი (ნამდვ. გვარი – მალიაშვილ-კალგინა) დარია კონსტანტინეს ასული (1874, სოფ. ვედრება, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 1925), მწერალი, პუბლიცისტი. დაამთავრა ბაქოს ქალთა გიმნაზია (პედ. განხრით) და იქვე დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. აქტიურად ჩაება ბაქოს კულტ.-საზ. ცხოვრებაში. 90-იანი წლებიდან დაიწყო ლიტ. საქმიანობა. მოთხრობებსა და ნარკვევებს აქვეყნებდა ბაქოს, თბილისისა და პეტერბურგის რუს. პრესაში. 1898 ჟურნ. „რუსსკოე ბოგატსტვოში” დაიბეჭდა მისი მოთხრობა „ხიზნები”, რ-საც ინტერესით შეხვდა რუს. ლიტ. წრეები. 1908 პეტერბურგში ნ. გორბუნოვის გამომცემლობამ გამოსცა ვ-ის მოთხრობების კრებ. „ხელუხლებელი კუთხე” (II გამოც. 1912, თბ.). ვ-ს შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართვ. და რუს მოღვაწეებთან: ვ. კოროლენკოსა და ნ. მიხაილოვსკისთან, დ. ოვსიანიკო-კულიკოვსკისთან, ე. გაბაშვილთან, გ. თუმანიშვილთან, ნ. ნაკაშიძესთან, ა. ერისთავ-ხოშტარიასა და სხვებთან. დაკრძალულია მცხეთის სამთავროს ეკლესიის გალავანში.
ლიტ.: ს ი გ უ ა ა., მწერლები და პორტრეტები, თბ., 1977; ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი ს., ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, თბ., 1961.
ნ. ღუდუშაური
გ. ჯავახიშვილი