ვეერეში (Weöres) შანდორ (22. VI. 1913, სომბათჰეი, – 22. I. 1989, ბუდაპეშტი), უნგრელი პოეტი, მთარგმნელი. XX ს. უნგრეთის ლირიკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი; ბაუმგარტენის (ორგზის) და კოშუტის სახ. (1970) პრემიათა ლაურეატი. ესეისტური ნაშრომისათვის „ლექსის დაბადება” მიენიჭა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1939). დიდ ინტერესს იჩენდა ქართ. პოეზიის მიმართ. თარგმნა „ვეფხისტყაოსანი” (Tigrisboros lovag / Rusztaveli; forditotta Weöres Sandor; Zichy Mihaly 27 kepevel. Budapest, 1954), ვახტანგ VI-ის, ბესიკის, ა. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის და სხვ. ლექსები.
ლიტ.: გ ა გ ნ ი ძ ე ჯ., ვეფხისტყაოსნის უნგრული თარგმანები, თბ., 1975.