ვეზური, სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ჯეჯორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1680 მ, ონიდან 30 კმ. 10 მცხ. (1989). ვ. საკურორტო ადგილია. იცის რბილი, თოვლიანი ზამთარი და ზომიერად თბილი ზაფხული. დაფარულია შერეული ტყით. ვ-ის ტერიტორიაზე გამოვლენილია ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერ. წყალი; საკმაო რაოდენობით შეიცავს რკინას. მინერალიზაცია შეადგენს 1,5–2,0 გ/ლ. იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონ. დაავადებების სამკურნალოდ.
გ. უშვერიძე