ვეკუა აბესალომ კაპიტონის ძე (1. IX. 1925, ქ. ფოთი, – 19. II. 2014, თბილისი), პალეობიოლოგი. საქართველოს მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013; წევრ-კორ. 2001), ფაზისის აკად. წევრი (2002); გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1969). 1981-იდან იყო საქართვ. მეოთხეული პერიოდის შემსწავლელი კომისიის თავ-რე, საქართვ. ტერიოლოგიური საზ-ბის პრეზიდენტი (1990), 1956-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. პალეობიოლოგიის ინ-ტის თანამშრომელი, 2009-იდან – საქართვ. ეროვნ. მუზეუმის პალეობიოლოგიის ინ-ტის სამეცნ. ხელმძღვანელი. ვ-მ შეისწავლა საქართველოს და მიმდებარე რეგიონების ზედა ნეოგენის და ანთროპოგენის ძუძუმწოვართა პალეობიოლოგია და პალეოანთროპოლოგია, ასევე ახალქალაქის, ქვაბების, ძეძვთახევის, კოწახურის და მთლიანად საქართვ. ძვ. ქვის ხანის ხერხემლიანთა ფაუნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვ-სა და მეცნიერთა ჯგუფის მიერ (ლ. გაბუნია, დ. ლორთქიფანიძე) ევრაზიაში უძველესი (დაახლ. 1 მილიონ 800 ათასი წლის) ჰომინიდების აღმოჩენა დმანისში და მათი სისტემატიკური ადგილის დადგენა. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. დარგში (2004), ღირსების ორდენის კავალერი (2001), ქ. ფოთის საპატიო მოქალაქე (2003).
თხზ.: ახალქალაქის ქვედაპლეისტოცენური ძუძუმწოვრების ფაუნა, თბ., 1962; დმანისის ჰომინიდები, თბ., 2011 (თანაავტ. დ. ლორთქიფანიძე); Квабебская фауна акчагыльских позвоночных, М., 1972; Грузия в антропогене, Тб., 1981; Дманисская фауна виллафранкских позвоночных, Тб., 2012.