ვეკუა ილია ნესტორის ძე [23. IV (6. V). 1907, სოფელი შეშელეთი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, – 2. XII. 1977, თბილისი], მათემატიკოსი და მექანიკოსი. სსრკ მეცნ. აკად. (1958) და საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოს-მდივანი (1947–51), საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი (1964-იდან), პრეზიდენტი (1972–77), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940). საქართველოსა (1966) და აფხაზეთის (1967) მეცნ. დამს. მოღვაწე, სოციალ. შრომის გმირი (1969) დაამთავრა თსუ (1930). იყო ამავე უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის დეკანი (1940–44), პრორექტორი (1944–47), რექტორი (1966–72), გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნ.-ხელმძღვანელი და დირექტორი (1968–77), სსრკ მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი (1973–77), სსრკ მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის (მოსკოვი) დირექტორის მოადგილე (1955–59), სსრკ მეცნ. აკად. ციმბირის განყ-ბის პრეზიდიუმის წევრი (1958–64), ნოვოსიბირსკის უნ-ტის რექტორი (1959–64). ვ-ს სამეცნ. შრომები ეხება თეორ. და გამოყენებითი მათ. მრავალი დარგის საკითხებს. განსაკუთრებული ადგილი უკავია კერძოწარმოებულიანი განტოლებების თეორიას. ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამონახსნთა ზოგადი წარმოდგენების თეორია და გამოიყენა იგი სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთ-განზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში; განიხილა ფუნქციათა თეორიის ერთობ ზოგადი სასაზღვრო ამოცანა, შენიშნა მისი ახლებური ბუნება, ბოლომდე გამოიკვლია ამოხსნადობის საკითხი და მოგვცა ინდექსის გამოსახულება. ეს გამოკვლევა საფუძვლად დაედო ღრმა განზოგადებებს ელიფსური დიფერენციალური ოპერატორების ინდექსის პრობლემასთან დაკავშირებით; დაამუშავა განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორია, რ-იც კლასიკურ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის არსებითი გაფართოებაა. ვ-ს ეკუთვნის დრეკად გარსთა მათ. თეორიის ახ. ვარიანტი, რ-იც გამოირჩევა მექან. სურათისადმი ზუსტი შესაბამისობით (იხ. ვეკუას მოდელი გარსთა თეორიისა). ვ. იყო სსრკ თეორ. და გამოყენებითი მექან. ნაციონალური კომიტეტის წევრი (1956-იდან), ედინბურგის (1958), სტოკჰოლმის (1962), მოსკოვის (1966), ნიცის (1970) მა-თემატიკოსთა საერთაშ. კონგრესების მონაწილე, გდრ-ის მეცნ. აკად. (1968), გერმ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. „ლეოპოლდინას” (1969, ჰალე), მეცნიერების, ლიტ. და ხელოვნ. აკად. (1976, პალერმო) უცხოელი წევრი, რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ორგანიზაციის წევრი, ჰალეს უნ-ტის საპატიო დოქტორი (1969), იენის უნ-ტის საპატიო სენატორი (1969). სსრკ VII–IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ლენინური პრემიის ლაურეატი (1963), სტალინური (1950) და სსრკ სახელმწ. (1984, გარდაცვალების შემდეგ) პრემიების ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
საუბრობს ილია ვეკუა. ჩაწერილია 1976 წელს: https://www.youtube.com/watch?v=RW1z5G8AOcs
თხზ.: Новые методы решения эллиптических уравнений, М.– Л., 1948; Обобщенные аналитические функции, М., 1959; Некоторые общие методы построения различных вариантов теории оболочек, М., 1982.
ლიტ.: მ ა ნ ი ა გ., ხ ვ ე დ ე ლ ი ძ ე ბ., ილია ვეკუა, თბ., 1967; ო რ ბ ე ლ ა შ ვ ი ლ ი ე., აკადემიკოსი ილია ვეკუა, თბ., 1982; ილია ვეკუა. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: ნ. ბაღათურია, ე. დოლიძე, თბ., 1987; Б и ц а д з е А. В., Илья Несторович Векуа, Тб., 1967.