ვეკუას მეთოდი

ვეკუას მეთოდი, ამ მეთოდით გაუსის ცვლადი დადებითი სიმრუდის მქონე ზედაპირის უსასრულოდ მცირე ღუნვის ამოცანა დაიყვანება მუდმივი დადებითი სიმრუდის მქონე ზედაპირის უსასრულოდ მცირე ღუნვის შესწავლაზე, რაც შესაძლებელია იმის გამო, რომ ცვლადი სიმრუდის შემთხვევაში ღუნვის მახასიათებელი სიდიდეები შეუღლებულ-იზოთერმულ პარამეტრიზაციაში აღიწერება განზოგადებული ანალიზური ფუნქციებით (ამ ფუნქციების დასრულებული თეორია შექმნა ი. ვეკუამ), ხოლო მუდმივი სიმრუდის შემთხვევაში უსასრულოდ მცირე ღუნვა – ჩვეულებრივი ანალიზური ფუნქციების საშუალებით. ჩვეულებრივ და განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა შორის კავშირის ვეკუას მიერ მიღებული ფორმულა ღრმა ანალოგიის გატარების საშუალებას იძლევა ცვლადი და მუდმივი სიმრუდის მქონე ზედაპირების უსასრულოდ მცირე ღუნვათა თვისებებს შორის.

ლიტ.: В е к у а  И. Н., Обобщенные аналитические функции, М., 1959.

გ. ჯაიანი