ველევი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ველეულის (ხოტეურის მარჯვ. შენაკადი; რიონის აუზი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., ბეთლევი, კვირიკეწმინდა, შხივანა). ზ. დ. 1160 მ, ამბროლაურიდან 19 კმ. 138 მცხ. (2002). ვ-ის მახლობლად, რაჭის ქედის ჩრდ. ფერდობზე, მდებარეობს ცარცული ასაკის მასიურ და სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული დოლაბისთავის მღვიმე. ვ. წყაროებში იხსენიება XVII ს-იდან. სოფელში შემორჩენილია XV ს. სამების ეკლესია, რ-იც შიგნით მოხატულია.