გრდზელოვი ბერნარდ (Grdseloff, ნამდვ. გვარი – გ რ ძ ე ლ ა შ ვ ი ლ ი) (1. VII. 1915, კაირო, – 8. X. 1950, იქვე), ეგვიპტოლოგი, ეროვნებით ქართველი.
ეგვიპტოლოგიური ძიებანი დაიწყო ბერლინის მუზეუმში ცნობილი ეგვიპტოლოგის კ. ჰ. ზეთეს ხელმძღვანელობით. შემდეგ მუშაობდა კაიროში, გერმანიის არქეოლოგიის ინ-ტში, ცნობილ ეგვიპტოლოგ ლ. ბორჰარდტთან; ეგვიპტეში იყო ებრაელთა კვლევის საზ-ბის რედაქციის მდივანი.
გ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევები (სამი მონოგრაფია და 30-ზე მეტი სტატია), რ-თა ნაწილი დაიბეჭდა მისი სიკვდილის შემდეგ, ეხება პირამიდების ეპოქის მეფეთა ცხედრების გაწმენდასა და ბალზამირებას, რეშეფის კულტის შექმნას, ფარაონ სეთი I-ის სტელას სკითოპოლისში, ფარაონთა ეგვიპტის პაპირუსებსა და ეპიგრაფიკას, სემიტურ-აღმოსავლურ ურთიერთობებს. გ-ის რამდენიმე ნაშრომის ხელნაწერი ინახება ინგლისში, გრიფითის ინ-ტში.
ლიტ.: ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ბერნარდ გრდზელოვის გახსენება, გაზ. «სამშობლო», 1979, ნოემბ., №24; მისივე, ბერნარდ გრდზელოვი, გაზ. «კავკასიონი», 1995, ივნ., №24; Harari I., Bernhard Grdseloff, «Annales du Service des Antiquités de l"Egypte», t. 60, fasc. 1, Le Caire, 1951; Dawson W. R., Hill E. P., Who was who in Egyptology. Third revised ed. by M. L. Bierbier, L., 1995.
გ. ჯაფარიძე