ველის კატა, ხ ა ლ ი ა ნ ი კ ა ტ ა (Felis libyca caudata), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატების გვარისა. სხვა კატებთან შედარებით ტანად პატარაა, შინაური კატის ტოლი. სხეულის სიგრძე 60–70 სმ, კუდი 30–35 სმ, სიმაღლე მინდაოში 27–30 სმ, მასა 5 კგ აღწევს. აქვს დაბალი, ნაზი ბეწვი, მორუხო-ნაცრისფერ სხეულზე – შავი ხალები, კუდზე – შავი რგოლები, წვერში – შავი ფუნჯი. ყელსა და მუცელზე გასდევს თეთრი არშია, რ-იც კიდურებზე გადადის. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ კუნძულზე, სირიასა და პალესტინაში, არაბეთში, ერაყსა და ირანში, ავღანეთში, ინდოეთსა და ჩინეთში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში – კერძოდ, აზერბაიჯანში. საქართველოში ნაპოვნია ბორჯომთან, სოფელ გომნაში. ბინადრობს კულტ. ლანდშაფტის მოსაზღვრე ბუჩქნარ, ქვანაყარ ადგილებში. იკვებება მღრღნელებითა და ფრინველებით. მძუნაობს თებერვალ-მარტში. 63 დღის შემდეგ შობს 4–6 უსუსურ კნუტს. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მცირერიცხოვანია. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში”.