ველის ტოროლა

ველის ტოროლა (Melanocorypha calandra), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. სიგრძე 17,5–20 სმ, შეფერილობა ზევიდან მურა-რუხი აქვს, მუქი მურა კოპლებიანი, ქვევიდან – მოთეთრო, მკერდი – მოყვითალო, წვრილი მურაკოპლებიანი; სხეულის გვერდები, ფრთისუკანა კიდე, ბოლოს გვერდები – თეთრი. გავრცელებულია სამხრ. ევროპასა და სამხრ. აზიაში (სპორადულად). საქართველოში მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველია. ცხოვრობს ბალახით დაფარულ ველებსა და მარცვლოვანი კულტურების ნათესებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დედალი დებს 4–6 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 16 დღ-ღ. იკვებება მწერებით, მატლებით და მცენარეთა თესლებით.

რ. ჟორდანია