ველისციხის სახალხო თეატრი

ველისციხის სახალხო თეატრი ვ ა ს ო   გ ო ძ ი ა შ ვ ი ლ ი ს  ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, დაარსდა 1885 როგორც სცენისმოყვარეთა დრამატული წრე. პირველად წარმოადგინა გ. ერისთავის „ძუნწი” და რ. ერისთავის „ბიძიასთან გამოხმაურება”. რევოლუციამდე თეატრის სცენაზე დაიდგა სპექტაკლები: ჰ. ჰაჯიბეკოვის ოპერეტა „არშინ მალ-ალან”, „მაშტი იბადი”, დ. ერისთავის „სამშობლო”, ა. წერეთლის „პატარა კახი”, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი”, ა. ცაგარლის „ციმბირელი”, „ხანუმა”, კურსელის „ორი ჯიბგირი” (დადგმა შ. საფაროვისა). შ. დადიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თეატრის სცენაზე დაიდგა მისივე პიესა „საშინელი შურისძიება” ანუ „შვილი თუ საყვარელი”, ა. შაშიაშვილმა დადგა ა. ყაზბეგის „კონსტანტინე ბატონიშვილი”, ქ. ანდრონიკაშვილი-კახიძისამ – შ. დადიანის „გუშინდელნი”. ი. მებურიშვილმა და შ. დადიანმა საფუძველი ჩაუყარეს მუდმივ თეატრ. დასს, რ-საც სოფლის სცენისმოყვარეებმა „ლურჯხალათიანთა კოლექტივი” უწოდეს. დასი 1929-მდე მუშაობდა და დგამდა პიესებს: ტ. რამიშვილის „სტუმარმასპინძლობა” (ი. მებურიშვილის დადგმა), ჰ. ჰაჯიბეკოვის „აშუღ-ყარიბი”, „ლეილ-მაჯნუნი” (ი. ბეჟანოვის დადგმა), ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი”, დ. თაქთაქიშვილის „ოჯახი” (რეჟ. ა. ჯაყელი), ნ. გოგოლის „რევიზორი”, ა. შირვანზადეს „ნამუსი” (რეჟ. ი. მებურიშვილი). 1929-იდან ველისციხეში „ლურჯხალათიანთა კოლექტივის” ბაზაზე შეიქმნა საკოლმეურნეო თეატრი, რ-იც 1931-იდან პროფესიულ სახელმწ. დრამ. თეატრად გადაკეთდა (1960-იდან – ვ. ს. თ.). 1986 14 იანვარს აღინიშნა თეატრის საუკუნოვანი იუბილე, ამ დღეს წარმოდგენილი იყო ა. აბშილავას „ადამიანი დაბრუნდა”. ვ. ს. თ-ში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ საქართვ. დამს. არტისტები: ლ. თევზაძე, მ. მესხი, მ. ღაღაშვილი; კულტ. დამს. მუშაკები: ც. ისაკოვი, ქ. მელექსაშვილი, ა. დავიდოვი, ა. თომაძე, ბ. ტატიშვილი და სხვ.; რეჟისორები: ა. ყაზაროვი, ი. გოგოლაძე, მ. ბაბლოიანი, ვ. კარდენახიშვილი, გ. ხოსიტაშვილი; მხატვრები: ა. ფერიშვილი, მ. არბოლიშვილი, ვ. შალვაშვილი, ზ. თათარაშვილი, ბ. ზეინალოვი.

 

ნ. კარდენახიშვილი

კ. სეფიაშვილი