ველმანსი ტანია

ველმანსი (Velmans) ტანია (დ. 6. I. 1931, სოფია), ფრანგი მეცნიერი, ბიზანტიური, ქართული და სომხური ხელოვნების ისტორიკოსი. მეცნ. დოქტორი. კვლევათა ხელმძღვ. სამეცნ. კვლევა-ძიებათა ეროვნ. ცენტრში (CNRS), ხელოვნ. ისტორიისადმი მიძღვნილი პერიოდული კრებულის – „არქეოლოგიური რვეულების” („Cahiers Archéologiques“) – დირექტორი, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების რამდენიმე სამეცნ. ინ-ტისა და საზ-ბის, სამეცნ. რედაქციების წევრი. მისი კვლევის საგანია ფერწერა. სადოქტორო დისერტაცია მიუძღვნა შუა საუკუნეების დასასრულის ბიზანტ. მხატვრობას. აქვს ნაშრომები ხელნაწერთა მორთულობის შესახებ. არის ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმებისა და სხვა საერთაშ. სამეცნ. ყრილობათა მონაწილე, წაიკითხა მოხსენებები: II სიმპოზიუმზე (1977) – „ვედრების სცენა ქართ. კედლის მხატვრობაში”, III სიმპოზიუმზე (1980) – „დაკვირვებანი იერუსალიმში შესვლის იკონოგრაფიაზე სვანეთის ეკლესიებში”; IV სიმპოზიუმზე (1983) – „ზენობნის ეკლესიის ფრესკები და წმ. ევსტათის ხილვის თემა საქართველოში”. ავტორია რამდენიმე წიგნისა და სამეცნ. პერიოდიკაში გამოქვეყნებული მრავალი ათეული სპეც. ნარკვევისა, მ. შ. წერილებისა ქართ. ფრესკების, ცალკეული ძეგლების, მათთან დაკავშირებული პრობლემების, უმეტესად, იკონოგრაფიის საკითხების შესახებ [მაგ., „არქეოლოგიურ რვეულებში” დაბეჭდილი წერილები: „ყინწვისის ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკები”, “მოციქულთა ზიარების უნიკალური გამოსახულება” (XXVII, 1978), „ვედრების გამოსახულება საქართველოს ეკლესიებსა და ბიზანტიური სამყაროს სხვა რეგიონებში” (XXIX, 1981), „წალენჯიხის ეკლესიის საკურთხევლის დეკორი” (XXXVI, 1988)].

თხზ.: Une image paléochrétienne rare au baptistère de Pitzunda: «Actas del VIII Congresso internacional de Arqueologia cristiana», Barcelona, 1972; Icones médiévales de Géorgie: «Archéologie», Juillet, 1982; Observations sur la peinture murale en Géorgie au début du XIII-e siècle: «Actes du colloque de Halle», 1989; Une icone du Musée de Mestia et le thème des Quarantes Martyrs en Géorgie: «Zograf», № 14, Belgrade, 1989; Le Miroir de l’invisible. Paintures at architectures en Géorgie (avec une contribution sur l’architecture de Adriano Alpago Novello), Paris, 1996.

ვ. ბერიძე