ვერე, მდინარე თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. სათავეს იღებს დიდგორის მთის (ვერის დიდგორი) კალთებზე. მტკვრის მარჯვენა შენაკადი (ერთვის თბილისის ფარგლებში). სიგრძე 34 კმ, აუზის ფართ. 200 კმ ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მთავარი შენაკადებია: მარცხენა – ლასტისციხისხევი, ვენახებისხევი, სუდოსხევი, იფნარისხევი, ცხენიჭამიახევი, წმინდა წყალი; მარჯვენა – კვესეთისწყალი, ბეთანიისხევი, უძოსხევი, ვარაზისხევი. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. ვ-ის ხეობა ღრმად არის ჩაჭრილი ზედაეოცენურ თაბაშირიან თიხებსა და ქვიშაქვებში. ქვემოწელში ქმნის მეანდრებს, ღორღით, ხრეშითა და სილით აგებულ ნარიყებს, რ-ებიც წყალდიდობისას წყლით იფარება. საშ. წლ. ხარჯი 0,97 მ³/წმ. შუა და ქვემოწელში იყენებენ სარწყავად. ვ-ის მარჯვ. მხარეს მდებარეობს ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ბეთანია. შესართავის მახლობლად გაშენებულია ნ. დუმბაძის სახ. საბავშვო ქალაქი „მზიური” და ზოოლ. პარკი. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ვ-ს სკვირეთადაც მოიხსენიებს: „ხოლო კოჟრის ჩდილოთ კერძ არს ს კ ვ ი რ ე თ ი ს მ დ ი ნ ა რ ე , აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩდილოდ კერძ შესართავსა ზედა არს ლ უ რ ჯ ი მ ო ნ ა ს ტ ე რ ი. და ხეობა ესე დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი”.
თ. კიკილაშვილი
ე. ლოლუა