ვერე, ვ ე რ ა, თბილისის უბანი, მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა მხარეს. პირველად სიტყვა „ვერე” „ვერისხევის” სახელად XIII ს-იდან გვხვდება. მდ. ვერის ქვემოწელზე, მტკვრის შესართავთან, XVIII ს. წერილობით წყაროებში იხსენიება სოფ. ვ. (ვერა). როდის გაჩნდა აქ ამ სახელწოდების სოფელი ან ზუსტად სად მდებარეობდა იგი, ცნობილი არაა. XVI ს-ში მეფე სიმონ I-ის მიერ გაცემულ სიგელში გვხვდება „ვერისხევის” ტარუღა. ვ. საგაბაშვილო მამული იყო. ვ-ის ადრინდ. სახელია „სკვირეთი, სკორეთი”. ვ-ის ხეობას თავისი არსებობის განმავლობაში არასოდეს დაუკარგავს სტრატეგიული მნიშვნელობა. ვ-ზე გადიოდა თრიალეთისაკენ მიმავალი სავაჭრო-საქარავნო გზა. XVIII ს-ში მას იცავდა საგანგებო რაზმი, ე. წ. „ვერის ხევის ყარაული”. ვ. შემოიფარგლებოდა აღმოსავლეთიდან – გაბაანთ ხევით (ახლანდ. მ. ჯავახიშვილისა და ე. გაბაშვილის ქუჩებით), ჩრდილოეთიდან – საბურთალოთი, დასავლეთიდან – ვარაზისხევით, ხოლო სამხრეთიდან – ე. წ. „სემიონოვკის დასახლებით” (ახლანდ. ზემო ვ-ით). XVIII ს-ში შედგენილი ერთი დოკუმენტის („ქალაქის მოურავის სარგო”) მიხედვით, ქალაქის მოურავს თავისი წილი ვ-ის ბაღებიდანაც ერგებოდა, XIX ს-ში აქ ახ. უბნები გაჩნდა – ვარდისუბანი, ვაკე. ვ-ის ინტენს. განაშენიანება XIX ს. 80-იან წლებში დაიწყო და საუკუნის ბოლოს ქალაქურმა საცხოვრებელმა სახლებმა ვაკის საზღვარს (ვარაზისხევს) მიაღწია. ვ-ის ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან დღესაც დგას XIII ს. ძეგლი – ლურჯი მონასტერი, რ-ის გვერდით მდებარეობს XX ს. დასაწყისში აგებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977.
თ. ბერიძე