ვერის ბაღი, XX საუკუნის პირველი ნახევრის საბაღე-საპარკო ხელოვნების ნიმუში, მდებარეობს მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების გასწვრივ. წარსულში ვარდისა და ვაშლოვნის უბნებს ესაზღვრებოდა ვერის სასაფლაო (დაიხურა 30-იან წლებში), სადაც შემორჩენილია ცნობილი მწერლის დ. ჭონქაძის და სხვათა საფლავები. 1933 დაიწყო ვერის ტერიტორიის (6,5 ჰა) რეკონსტრუქცია – ვერის მთის ზეგნისა (სასაფლაო) და მიმდებარე ფერდობების (მდ. მტკვრის სანაპირო ზოლი) ლურჯი მონასტრის ჩათვლით. 1934 აგრონომ-დეკორატორის ა. მაჭავარიანის დაგეგმარებით დაიწყო ტერიტორიის გამწვანება. ბაღის შესასვლელი და ცენტრ. მოედანი ფრანგული სტილის ლანდშაფტური არქიტექტურით დაიკვალა, ხოლო პარტერული თარგები სეზონური ყვავილებით და ტანმაღალი ბუჩქებით მოირთო. 1961–72 ეს ადგილები ქართ. ჩუქურთმის ორნამენტების შესაბამისად (შ. ისაკაძე) ყვავილებით ირთვებოდა. ამ ადმ. რაიონების (ყოფ. ორჯონიკიძე – კალინინი) ქუჩა-მოედნების გამწვანებას უზრუნველყოფდა იქვე ფერდობებზე გაშენებული კვალსათბურები და ტერასული სასათბურე მეურნეობა (ა. ფხაკაძე). 1940-მდე კიროვის ბაღი და შემოგარენის საერთო ტერიტორია 5,3 ჰა იყო. მდ. მტკვრის სანაპირო ზოლსა და ფერდობებზე დაწყებულმა ბინათმშენებლობამ (1936–39) ბაღის საერთო ფართობი 2,8 ჰა-მდე შეკვეცა, ხოლო ხე-ბუჩქების ასორტიმენტი 78 სახეობამდე შეამცირა. 1950–70 სპორტ. ბაზების რაოდენობამ კიროვის ბაღში მაქსიმუმს მიაღწია. ალპინისტების კლუბს დაემატა კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ტანვარჯიშის დარბაზები. 1973 წ. სანერგე ადგილზე ჭადრაკის სასახლე (არქიტექტორები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ღუდუშაური) აშენდა, რ-საც ნ. გაფრინდაშვილის სახელი მიენიჭა (2001). 1989 აიღეს ს. კიროვის ძეგლი (დაიდგა 1936). ბაღმა დაიბრუნა ვ. ბ-ის სახელწოდება, მისი ქართ. ორნამენტული ყვავილნარის პარტერი ფილარმონიის საჰაერო-კონდიციონერის აუზმა დაიკავა და ბაღის გამწვანების ფართობი 1,2 ჰა გახდა. ბაღში 62 სახეობის ხე-ბუჩქის ასორტიმენტი ხარობს: წიწვოვანთა 10 სახეობა (მჩხვლეტავი ნაძვი, ჰიმალაის კედარი, ცეფალოტაქსუსი, ელდარის ფიჭვი და სხვ.), ფოთლოვანთა 52 სახეობა (კავკასიური ცაცხვი, აღმოსავლური და დასავლური ჭადარი, იაპონური სოფორა, ნეკერჩხალი, წაბლფოთოლა მუხა და სხვ.), ბუჩქები (აბელია, ოლეანდრი, ბზა, ვარდი, გრაკლა, პირაკანტა, ღვია, ტუია, დიდგულა, უთხოვარი). ბაღს ამშვენებს ექვთიმე თაყაიშვილის ქანდაკება (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი, არქიტექტორი მ. ყრუაშვილი, 1993), მერაბ კოსტავას ბიუსტი (მოქანდაკე ვ. არუნაშვილი, არქიტ. შ. იორდანიშვილი, 1999).
შ. ისაკაძე