ვერხვისძირა

ვერხვისძირა (Leccinum aurantiacum, Boletus versipellis), ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. მისი ქუდის დიამეტრი 20 სმ აღწევს; ქუდი ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი ბალიშისებრი ხდება, ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერ-წითელია. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია წვრილმილებიანი შრე, რ-იც თავდაპირველად თეთრია, შემდეგ – ნაცრისფერი, ფეხის სიგრძე 20 სმ-მდეა, სისქე – 5 სმ-მდე, ძირისკენ მსხვილდება, მოთეთროა, ზედაპირი დაფარულია თეთრი, ყავისფერი ან შავი ქერცლით. რბილობი თეთრია, ჰაერზე თავდაპირველად ლურჯდება, შემდეგ – შავდება. ძირითადად იზრდება ნიადაგზე ვერხვნარებში, ზაფხულ-შემოდგომაზე გვხვდება სხვა ფოთლოვან და შერეულ ტყეშიც. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, იყენებენ საკვებად.

ი. ნახუცრიშვილი