ვექილი (არაბ. ვ ა ქ ი ლ), რწმუნებული, მეურვე, მზრუნველი ფეოდალურ საქართველოში. XVII–XVIII სს-ში ტერმინი „ვ.” ხშირად იხმარებოდა მოხელის აღსანიშნავად. სამეფო კარის მოხელეების საერთო სახელწოდება იყო „ვექილ-ვეზირები”. ვ. ეწოდებოდა ირანის მოხელეს, რ-იც ქართლ-კახეთის სამეფოში საფინანსო ფუნქციებს ასრულებდა. ვ. იყო აგრეთვე ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენელი ვასალურ სახანოებში (ერევნის ვ., განჯის ვ.). შემოსავალ-გასავლის მოსაქმეს „ვექილ-ხარჯი” ერქვა. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, „ვაქილი” არის „თანამოსარჩლე სამსჯავროსა შინა ფასითა”, ძვ. ქართ. წყაროებში ადვოკატობის ინ-ტი, ვ-ების კორპორაცია, დამოწმებული არ არის. ვექილობის ანუ, როგორც დ ა ვ ი თ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი უწოდებს, „მონაცვლე კაცის” ინ-ტი საქართველოში წარმოიქმნა XIX ს-ში. რუსეთთან შეერთების შემდეგ ტერმინი „ვ.” ადვოკატის მნიშვნელობითაც იხმარება.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 5, თბ., 1971; რ ო გ ა ვ ა ა., ადვოკატთა ინსტიტუტის შესახებ ძველ საქართველოში, «საბჭოთა სამართალი», 1958, №4; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., ვექილობის ინსტიტუტის შესახებ „ვეფხისტყაოსანში”, იქვე, 1966, № 5; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).
ი. სურგულაძე