ვიდადი მოლა ვალი (დაახლ. 1707, შამქორი, – 1808, სოფ. შიხლი), აზერბაიჯანელი პოეტი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ერთხანს გულისტანის სახანოში და ერეკლე II-ის კარზე ცხოვრობდა. საბოლოოდ შიხლიში დასახლდა. ვ. იყო პოეტ ვაგიფის ნათესავი. მათი მიმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტია აზერბ. ლიტ-რის ისტორიისათვის. ვ-ის შემოქმედება პესიმიზმითა და მისტიციზმითაა გამსჭვალული, განიცდის ფოლკორის გავლენას. საქართველოში ყოფნისას ვ-მა შექმნა შესანიშნავი ელეგია ერეკლე II-ის ძის, ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების გამო.
თხზ.: Əsərləri Öndər,Baki, 2004; [წგ.] Антология азербайджанской поэзии, т.1, М., 1960.
ლიტ.: Азəрбаjҹан əдəбиjjаты тарихи, ҹ.1, Бакы, 1960; Д у н я м а л и е в а Т. А., Жизнь и творчество М. В. Видади, Баку, 1970.
გ. შაყულაშვილი